მთავარიგადაცემებიEuropean Storiesბულგარეთი ვალუტას ცვლის - იანვრიდან ბულგარულ ლევს ევრო ჩაანაცვლებს

ბულგარეთი ვალუტას ცვლის – იანვრიდან ბულგარულ ლევს ევრო ჩაანაცვლებს

ბულგარეთი ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლებისთვის ემზადება. ბულგარეთის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტის  მეცნიერ-თანამშრომელმა პლამენ რალჩევმა  ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრო ის სამაშველო ნავია, რომელშიც ბულგარეთი უნდა ჩაჯდეს“.  მეცნიერი ფიქრობს, რომ მემარჯვენე პოპულისტი პარტიები ბულგარეთში ევროს შემოღების ირგვლივ მიმდინარე დებატებს სათავისოდ იყენებენ.

ბულგარეთში მრავალი წლის განმავლობაში გატარებულმა რეფორმამ ნაყოფი გამოიღო: ბულგარეთი ევროკავშირის 21-ე წევრი ქვეყანა იქნება, რომელმაც ეროვნული ვალუტა ევროთი უნდა ჩაანაცვლოს. ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მწვანე შუქი აუნთო ამ პროცესს. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები და ხელისუფალნიც მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. 2026 წლის პირველ იანვარს ევრო და ევროცენტი ბულგარეთშიც შევა. აი, ასეთი იქნება ბულგარული ევროს მონეტები. 1999 წელს ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ შემოიღო ევრო. საბერძნეთი ევროზონას მოგვიანებით შეუერთდა. მას მიჰყვნენ სლოვენია, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და 2023 წელს –  ხორვატიაც.

ევროს ვალუტას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ იყენებს: აი, ასე გამოიყურება ევროზონა დღეს. ხოლო მომავალ წელს ეს რუკა ცოტა შეიცვლება. ბულგარეთი ევროს შემოღებისთვის დათქმულ ყველა პირობას ასრულებს: სამომხმარებლო ფასები ნელა იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია, ვალის ტვირთიც – ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები სტაბილურია. სტაბილური ვალუტის უპირატესობა აშკარაა: ნაკლები ინფლაცია მაღალმსყიდველუნარიანობას ნიშნავს, საზღვარზე საჭირო აღარ იქნება ვალუტის გადახურდავება, მოქალაქეები მოგებული რჩებიან. დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მეტი ინვესტიცია შემოაქვს. ეკონომიკა იზრდება და კეთილდღეობის დონეც მაღლდება.

ბულგარელი ულტრანაციონალები და კრემლის მომხრე ძალები ევროს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. ყოველი მეორე ბულგარელი ევროზე უარს ამბობს. ხალხს ინფლაციის ეშინია. ბულგარელების 66% დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ჯერ არ არის მზად ამისთვის. არადა, ერვოკავშირის ყველა ინსტიტუტი ერთხმად ამბობს: ბულგარეთმა შეასრულა საშინაო დავალება და მზად არის ევროსთვის.

გადაწყვეტლება მიღებულია: ბულგარეთი შემოიღებს ევროპის ერთიან ვალუტას. ცვლილება 2026 წლის დასაწყისში მოხდება. ბულგარულ ღვინოში ამის შემდეგ ლევის ნაცვლად ევროს გადაიხდიან.

მაინც რას ნიშნავს კონკრეტულად ევროს შემოღება. ამას უფრო მეტი უპირატესობა ახლავს თუ დანაკარგი? ამაზე აზრი პირველად პირველად ბულგარელ მევენახეებს ვკითხეთ.

მეღვინეობას აქ 4000 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი  და აქაური ღვინო ხმელთაშუაზღვისპირეთშიც კი გაჰქონდათ. ივაილო ანტონოვი მეღვინეობა Bessa Valley Bessa Valley Winery-ის მმართველი დირექტორია. მისი ვენახი შესანიშნავ მდგომარეობაშია, მიუხედავად 40-გრადუსიანი სიცხისა. ამ კომპანიაში 41 ადამიანი მუშაობს და წელიწადში 720 ათასს ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომლის 80%-იც ექსპორტზე გადის. ვალუტიდან ვალუტაში გადახურდავება წამგებიანია.

„ღვინოს საზღვარგარეთ ევროში ვყიდით,“ – ამბობს ივაილო. „მაგრამ როდესაც ბულგარეთში ამ ფულით ნედლეულს ვყიდულობთ, ევრო  ლევში უნდა გადავახურდაოთ. ამიტომ ძალიან ძვირს ვუხდით ბანკებს, რათა ევრო ლევში გადავიტანოთ და პირიქით“.

ევროს შემოღება ტრანზაქციების ხარჯს გაქვითავს და ბულგარეთი ფულს დაზოგავს. სოფელ დოგანოვოში რესტორან Fishpond-ის მენეჯერს,  ვასილ პეტროვს შევხვდი. მან 14 წლის ასაკში ისწავლა კობრის დაჭერა და მომზადება. ბუღალტერიაშიც ერკვევა. იგი შვიდი წელია მუშაობს თევზსაშენი ტბორის ნაპირზე მდებარე რესტორანში. ვასილი დარწმუნებულია, რომ ევრო ინფლაციას გამოიწვევს.

„ფასები მოიმატებს, ხელფასები კი იგივე დარჩება. ეს, ცოტა არ იყოს, მაშინებს“, – ფრთხილობს ვასილი.

ბულგარეთის საზოგადოება ორად არის გახლეჩილი – ევროს მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად. მემარჯვენე პოპულისტები ინფლაციის შიშს აღვივებენ და დიდ დემონსტრაციებს აწყობენ. ვასილის მსგავს ხალხს შიში ეუფლება.

ვასილ პეტროვი, რესტორან Fishpond-ის მენეჯერი:

„ნამდვილად არ მომწონს ლევზე რომ უარს ვამბობთ, რადგან ბანკნოტებზე ბულგარეთის სახელოვანი ადამაინები არიან გამოსახული. პრინციპში, ჩვენი ეროვნული იდენტობის ცოტათი დათმობა მაშინებს, რადგან ბულგარელები ძალიან თვითმყოფადები არიან. 3000 წლის ისტორია გვაქვს. ხალხს ეშინია, რადგან ისეთი განცდა გვაქვს, რომ ევროპა გვშთანთქავს“.

მეღვინე ანტონოვი კატეგორიულად არ ეთანხმება თევზის მომზადების ოსტატის,  შეფმზარეულის მოსაზრებას: „ევრო მსოფლიოში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა. ჩემი აზრით, ამით უნდა ვიამაყოთ“.

ბულგარეთის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  პლამენ მარინოვ რალჩევის განმარტებით, „ბულგარეთმა იკისრა ევროს შემოღების ვალდებულება ევროკავშირში გაწევრების ხელშეკრულების ფარგლებში. ასე რომ, საკითხავი ის კი არ არის – რატომ, არამედ – როდის?“

მაინც როდის არის შესაფერისი დრო?  ბულგარელების 66%-ის აზრით, ბულგარეთი ჯერ არ არის მზად ევროსთვის. თუმცა რალჩევი ფიქრობს, რომ, მეტის მოცდა არ ღირს: „მე არ ვურჩევდი მეტის მოცდას, რადგან ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იქნება 2 ან 3 წელიწადში, ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს! პრობლემა ის არის, რომ ბულგარეთში პროევროპული განწყობა არ არის საკმარისად მყარი“.

არადა ყოველი მეორე ბულგარელი უარს ამბოსბ ევროზე. პლამენ მარინოვ რალჩევი ამ ვითარებას ასე ხსნის:

“  ზოგიერთი მათგანი თავს ევროპელად აღიქვამს, ზოგიც – უნიკალურ, ბალკანელ ხალხს მიაკუთვნებს თავს…ასე რომ, საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიური კომპლექსები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვდგავართ და საით უნდა წავიდეთ, როგორც ერი? და, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი ურყევი პერსპექტივა – რუსეთთან დამოკიდებულება. ბულგარელი საზოგადოების რუსეთის მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად დახლეჩა ძალიან საშიშია“.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად არსებობს ევროს შემოღებასთან დაკავშირებით ინფლაციის რისკი, რალჩევი ასე პასუხობს:

„ეს ფსიქოლოგიური მანიპულაციაა, რომ თითქოს ყველაფერი გაუარესდება! ფასები გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით, ევროზონაში შესვლის შემდეგ ფასები დაიკლებს, რადგან ბაზრის ლოგიკა დაანახებს ბიზნესს-ოპერატორებს, რომ უმჯობესია დაწიონ ფასები ევროში, თუ სურთ კონკურნეტუნარიანობა შეინარჩუნონ“.
მაინც რატომ უნდა შეუერთდეს ბულგარეთი ევროზონას? რა სიკეთეს მოუტანს ეს?

„ქვეყანას საერთაშორისო სარბიელზე უფრო სტაბილურად აღიქვამენ. ეს ღუზის ჩაშვებას ჰგავს, ეს არის სამაშველო ნავი, რომელშიც უნდა ჩავსხდეთ“, – განმარტავს რალჩევი.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend