კოსმოსის ათვისებაში რევოლუციური გარდატეხა მოხდება, ამბობენ ევროკომისიაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კოსმოსის შესახებ ახალი აქტის წინადადებით გამოვიდა. ამ ახალი კანონმდებლობის მიზანია, ევროკავშირი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს კოსმოსის სფეროში, თუმცა ისმის კითხვა, მაინც რამდენად მზად არის ევრობლოკი, კოსმოსში იმდენი ინვესტიცია ჩადოს, რამდენიც კოსმოსურ რბოლაში დაწინაურებას სჭირდება?
კოსმოსის შესახებ ახალი კანონმდებლობის ყურადღების ცენტრში დგას რაკეტების გამშვები აპარატები და თანამგზავრები, რომელთა მნიშვნელობაც სულ უფრო იზრდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა კომუნიკაციები, ნავიგაცია, მეტეოროლოგია და განახლებადი ენერგია.
2023 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გლობალური კოსმოსის ეკონომიკური ღირებულება 572 მილიარდ ევროდ შეაფასა. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი ყოველ წელს 9%-ით გაიზრდება, სანამ 2035 წელს ტრილიონ 600 მილიარდს არ მიაღწევს. თუმცა ევროპა, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 12 მილიარდი ევრო ჩადო კოსმოსურ ინდუსტრიაში, ბევრად ჩამორჩება ამერიკის იმავე მაჩვენებლს, რომელიც 65 მილიარდ ევროს შეადგენს. იგივე ეხება ამ სფეროში კერძო ინვესტიციებსაც, რომელთა მოცულობაც ევროკავშირში 980 მილიონი ევროა, ამერიკაში კი – 3 მილიარდ 600 მილიონი.
რა რაოდენობის თანხა უნდა გაიწეროს ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტში კოსმოსის ათვისებისთვის „ევროპის მომავალი კონკურენტუნარიანობის ფონდიდან“ (Future European Competitiveness Fund),ახალი ბიუჯეტის ირგვლივ გამართულ მოლაპარაკებებში ჰაადწყდება.
„ამჟამად 17 მილიარდი ევროა გამოყოფილი. არადა, არსებული სისტემების ექსპლუატაცია რომ გაგრძელდეს, ამასაც კი უფრო მეტი სჭირდება,“ – განმარტავს ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში. „ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ზედამხედველობის კარგი სისტემა გვჭირდება. უნდა შეგვეძლოს კოსმოსში მიმდინარე ამბებზე დაკვირვება. გარდა ამისა, საჭიროა, განვავითაროთ ე.წ. მიკრომოსასვენებელი სისტემები. ამ თვალსაზრისით ჩვენი დამწყები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები ძალიან კარგ იდეებს გვთავაზობენ, ზოგს ძალიან ამბიციური იდეაც კი აქვს და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც აუცილებელია“.
ახალი ინიციატივის მიზანია ერთიანი ბაზრის შექმნა კოსმოსური ინდუსტრიისთვის, რომლის დროსაც განსაკუთრებულ მხარდაჭერას მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოუჩენენ. ახალი კანონი კოსმოსური ეკონომიკის რეგულრების ერთიან წესს შემოიღებს ევროკავშირში. მისი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება უსაფრთხოება, რათა არ მოხდეს შეჯახება. რატომ არის აუცილებელი უფრო მეტის გაკეთება ამ კუთხით?
ტიტრი კაცი
გრეგუარ ლორი
ევრონიუსი
„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ზემოთ ნამდვილი ხერგილია,“ – განმარტავს ევრონიუსის რეპორტიორი გრეგუარ ლორი, რომელიც ამ საკითხებს აშუქებს. „კოსმოსში უკვე 11 ათასი თანამგზავრია გაშვებული და შემდეგი ათწლეულის განმავლობაში კიდე 50 ათასს გაუშვებენ. გარდა ამისა, უკვე გვაქვს 128 მილიონი კოსმისური ნარჩენი. ასე რომ, მათ შორის შეჯახების რისკი იზრდება. ამიტომ ევროკომისია გვთავზობს, რომ რაც შეიძლება შევამციროთ კოსმოსური ნარჩენების წარმოქმნა და გვქონდეს მათი განლაგების შესახებ საზიარო მონაცემთა ბაზა, რათა თავიდან ავირიდოთ შეჯახება“.
კიდევ ერთი მთავარი პუნქტია წინააღმდეგობის გაწევის უნარი, იმ გაგებით, რომ ევროკავშირის კოსმოსური აქტივები გარკვეული საფრთხის ქვეშაა, კერძოდ, ისეთი მტრული ძალის მხრიდან, როგორიც რუსეთია. მაინც რა დევს სასწორზე ამ კუთხით?
„კოსმოსი უნდა განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი საზღვარი, რომელიც დგას კიბერთავდასხმებისა თუ ელექტრონული ჩარევის საფრთხის წინაშე, რომლებიც მიზანში იღებენ თანამგზავრებს ან სახმელეთო სადგურებს, მაგალითად,“ – ამბობს გრეგუარი. „სასწორზე კი ის დევს, რომ შეიძლება დაკარგო თანამგზავრი ან მის მიერ მოწოდებული რომელიმე სერვისი. ევროკომისია გვთავაზობს, რომ კოსმოსთან დაკავშირებით ავამოქმედოთ იგივე წესები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას ეხება და ასევე შევაფასოთ კოსმოსური მისიის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის დროს მოსალოდნელი რისკები“.
ეს ახალი კანონი არაფერს ამბობს კოსმოსის სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაზე, თუმცა ამერიკამ უკვე შექმნა თავდაცვის სტრატეგია კოსმოსისთვის.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ ევროკომისიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების კოსმოსური სტრატეგია წარადგინა. ეს დოკუმენტი შეიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია იმ კოსმოსური სისტემების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფს სახმელეთო ინფრასტრუქტურის მუშაობასა და მათ შორის მონაცემთა გაცვლას ერთიანი კოსმოსური სისტემის მეშვეობით. ამის პარალელურად ევროპარლამენტის დაკვეთით ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეიმუშავა 2050 წლსითვის კოსმოსის უსაფრთხოების რამდენიმე სავარაუდო სცენარი. ეს კვლევა გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა, შეიქმნას თანამგზავრებზე დაფუძნებული შეიარაღება და კოსმოსური თავდაცვის სისტემები. ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ 20-30 წელიწადში შესაძლოა, ადამიანმა მთვარეზე მოიპოვოს წიაღისეული ან კოსმოსში გაიტანოს წარმოება, რათა დედამიწის ატმოსფერო სუფთად შეინარჩუნოს. საინტერესოა, რამდენად მზად არის ევროკავშირი იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ამერიკას, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს ამ კუთხით?
„ჩვენ ვქმნით ხელსაყრელ საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპული კოსმოსური ინდუსტრიის ერთიანი ბაზრისთვის,“ – ამბობს ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში. „ეს, გარკვეულწილად, გაუადვილებს ცხოვრებას კოსმოსურ ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს, რადგან თუკი ისინი რეგისტრაციას გაივლიან ბრიუსელში, ლუქსემბურგსა თუ გერმანიაში, ისე გამოვა, რომ მთელ ევროპაში ჩაითვლებიან რეგისტრირებულად“.
ევროკავშირი ამჟამად ეყრდნობა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მომსახურებას, რომლის გამოც შეფერხდა ევროპის „არიანეს თანამგზავრის გამშვები სისტემის პროგრამა“ (Ariane Satellite Launcher Programme). მაინც, როგორ უნდა მოხეხდეს, რომ ევროკავშირის აღარ იყოს დამოკიდებული სხვა საერთაშორისო კომპანიებზე?
„ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგი სისტემა, მათ შორის Galileo და Copernicus,“ – განმარტავს ანდრიუს კუბილიუსი,ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში. „ამჟამად თანამგზავრებს შორის უსაფრთხო კავშირის უზრუნველსაყოფად ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, სახელწოდებით IRIS² (Infrastructure for Resilience, Interconnectivity and Security by Satellite – სიმტკიცის, ურთიერთკავშირისა და უსაფრთხოების თანამგზავრული ინფრასტრუქტურა) და ამ კომოსური სისტემების ორბიტაზე განთავსებისთვის კარგი ტრანსპორტირების სისტემა გვჭირდება, აი, სწორედ ამას ემსახურება პროგრამა Ariane 6. მაგრამ როდესაც ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ვხვდებით, რომ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ჩვენი პოტენციალი როგორც რაკეტების კოსმოსში გამტანი აპარატების, ისე თავად რაკეტების აგების კუთხით და შესაძლოა, ახალი კოსმოდრომიც გახდეს საჭირო“.
კოსმოსში შესაძლოა კიდევ ბევრი მეცნიერული აღმოჩენა ვიხილოთ და ბევრი ეკონომიკური საქმიანობაც განხორციელდეს. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, კოსმოსი საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითს მოგვცემს, თუ გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად იქცევა. ევროკავშირს დედამიწის ორბიტაზე თავის საზღვართან დაკავშირებით ისეთივე პრობლემების გადაჭრა მოუწევს, როგორც ხმელეთზე.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა