ჰიროშიმას დაბომბვიდან 80 წლისთავზე, გუშინ, 5 აგვისტოს, ქალაქში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 80 წლის წინ 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მა იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქში ატომური ბომბი ჩააგდო, რამაც ქალაქი გაანადგურა და 140 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი დღის შემდეგ ნაგასაკში ჩამოგდებულმა მეორე ბომბმა 70 000 ადამიანი შეიწირა. 15 აგვისტოს კი იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
გუშინ ჰიროშიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ, ქალაქის მერმა და სხვა ოფიციალურმა თუ სამოქალაქო პირებმა ჰიროშიმას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო ატომური დაბომბვის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ასევე სიტყვით გამოვიდა ჰიროშიმას საბჭოს თავმჯდომარე ნორიჰიკო ჰაჩიჯიო. მისი განცხადებით, ეს თარიღი ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.
„საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად უნდა გაიზიაროს მომხდარის ისტორიული მნიშვნელობა და არასდროს დაუშვას, რომ ხალხმა განიცადოს ის, რაც ატომური ბომბის მსხვერპლმა ჰიბაკუშებმა გადაიტანეს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვიმოქმედოთ, რათა ეს წელი, რომელიც ატომური დაბომბვის 80 წლისთავს აღნიშნავს, მსოფლიოში ომის გარეშე მშვიდობის დამყარების წლად ვაქციოთ, სადაც ყველას შეეძლება მშვიდად ცხოვრება“, – განაცხადა შიგერუ იშიბამ.
ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლის შემდეგ მშვიდობის სიმბოლოდ ათობით თეთრი მტრედი გაუშვეს. 8 საათსა და 15 წუთზე, იმ დროს, როდესაც ჰიროშიმაში ამერიკული ბომბი ჩამოვარდა, ზარები დარეკეს.