1990-იანი წლებიდან პირველად, მოსკოვსა და ფხენიანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, რეისი თვეში ერთხელ, შერემეტიევოს აეროპორტიდან და უკუმიმართულებით შესრულდება. ორმხრივი საჰაერო მიმოსვლისთვის გამოყოფილია 400-ზე მეტ მგზავრზე გათვლილი „ბოინგის“ თვითმფრინავი. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებამდე ეს ბორტი მოსკოვიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა.
ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა განახლდა ფხენიანთან მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე.
გარდა საჰაერო გზისა, მიმდინარე წლის ივნისიდან მოსკოვი და ფხენიანი ერთმანეთს სარკინიგზო მარშრუტითაც დაუკავშირდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გახდა. უკრაინის წინააღმდეგ ომში ფხენიანი რუსულ ჯარს შეიარაღებითა და ცოცხალი სამხედრო ძალით ეხმარება.