ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ დაიწყო ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, რომლებშიც ყველა დანაყოფის რეგულარული ძალები 22 000 რეზერვისტთან ერთად მონაწილეობენ. წლევანდელი სამხედრო წვრთნები ყველაზე ხანგრძლივი იქნება და 10 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს ფრენების ან მოძრაობის ნებისმიერი შეფერხების გამო.
ტაივანმა 9 ივლისს დაიწყო ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩინეთის შემოჭრის საფრთხისგან თავის დაცვას, მათ შორის ჩინეთის მიერ გამოყენებულ ე.წ. „ნაცრისფერი ზონის ტაქტიკას“, რომელიც დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

წლევანდელი 10-დღიანი ჰან გუანგის წვრთნები ყველაზე ხანგრძლივია და ის ახალი შეიარაღების ფართო სპექტრის, მათ შორის ტანკებისა და საზღვაო დრონების გამოყენებით მიმდინარეობს. ტაივანში წვრთნები რეგიონული დაძაბულობისა და ჩინეთისა და მისი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მხრიდან შევიწროების ფონზე ტარდება.
ჩინეთი ტაივანს მიიჩნევს თავის ტერიტორიად, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით უნდა დაიპყრონ. თუმცა ტაივანელების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, გახდეს სრულად დამოუკიდებელი, ან შეინარჩუნოს არსებული დე-ფაქტო დამოუკიდებლობა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები ჩინეთის სანაპირო დაცვისა და გემების ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად დაიწყო, რადგან ისინი ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე არქიპელაგის გარეშემო ტაივანის გემებს ავიწროებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი შესაძლოა ტაივანის ტერიტორიაზე შეიჭრას შევიწროების საბაბით. მიმდინარე წვრთნები ითვალისწინებს პორტებისა და ჩინეთის შესაძლო სადესანტო წერტილების გამაგრებას.