საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებს უკავშირდება: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე მშენებლობა.
საქსტატის ინფორმაციით, კლების ტენდენცია გამოვლინდა ენერგეტიკის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორებში.
„2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით, აქედან გამომდინარე, 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.8 %. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე მშენებლობა.
მიუხედავად ამისა, მცირე კლების ტენდენცია გამოვლინდა ორ სექტორში, ეს გახლავთ ენერგეტიკა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორები. 2025 წლის მაისში წინასწარი მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტის მიმართულებით პირიქით შემცირება გამოვლინდა დაახლოებით 5%-ით”, – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.