მთავარისაქართველომორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე - მედიამ პროცესი ვერ გადაიღო

მორიგი სხდომა 11 პირის საქმეზე – მედიამ პროცესი ვერ გადაიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა – ეს პირველი პროცესია აქციებისას დაკავებულთა საქმეზე, რომლის გადაღების შესაძლებლობაც მედიას არ მიეცა. სხდომათა დარბაზში არ იყო არცერთი ვიდეო თუ ფოტოკამერა და არც ხმის ჩამწერი მოწყობილობები.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ახლა სასამართლო პროცესების გადაღებაზე ნებართვას მედიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო აძლევს, თუმცა ჟურნალისტებს საბჭოსგან სხდომის გადაღებაზე ნებართვასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ.

ახალი კანონით შეზღუდულია სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში მუშაობაც კი. ამიტომ ყველა ჟურნალისტი, რომელსაც თან კამერა ჰქონდა, დღეს, 30 ივნისს, სასამართლოს ჭიშკარს მიღმა დარჩა.

დღეს 11 პირის საქმეზე გამართულ სხდომაზე სასამართლომ პროკურატურის კიდევ ოთხი მოწმის ჩვენება მოისმინა და ბრალდების წერილობითი მტკიცებულებებიც გამოიკვლია.

მხარეთა კითხვებს გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა, გიორგი ქაჩლაშვილმა, ემილ კუპრავამ და ირაკლი გახარიამ უპასუხეს. ისინი პოლიციელები არიან და საქმეში ბრალდებულთა დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობდნენ.

სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ადვოკატებიც. ისინი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულთა ნების საწინააღმდეგოდ 24 ივნისს დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო სხდომაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც მოითხოვეს თვითაცილება, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სასამართლო საქმის განხილვას მათთან ერთად გააგრძელებს.

საქმეზე მორიგი სხდომა 4 ივლისს ჩაინიშნა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend