დაძაბულობა სომხეთის სასულიერო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის ახალ ფაზაში გადადის. ტერაქტების მომზადებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, მოძრაობა „წმინდა ბრძოლისა“ და, ამავდროულად, სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.
ხელბორკილდადებულმა გალსტანიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასე მიმართა:
„ბოროტო, ყურადღებით მისმინე: რაც არ უნდა ჩაიფიქრო, რაც არ უნდა გააკეთო – დიდი დრო არ დაგრჩენია! აუცილებლად მოგაკითხავთ. ვერც ერთი ქმედება, ვერც ერთი დაკავება ვერ დაგვახევინებს უკან“.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, საეროდ ვაზგენ გალსტანიანის სახელით ცნობილმა ეპისკოპოსმა, მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ სხვა პირებთან ერთად, ტერორისტული აქტების მოსაწყობად სპეციალური საშუალებები და ინსტრუმენტები შეიძინა. უწყება ამტკიცებს, რომ მან 250 პირისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოაყალიბა და საზოგადოებას საჯარო მოუწოდებდა მოეწყოთ შეიარაღებული და კიბერთავდასხმები სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, ასევე დივერსიები ენერგოობიექტებზე.
ამავე ბრალდებით, გალსტანიანთან ერთად, სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს სომხური რევოლუციური ფედერაციის „დაშნაქცითიუნის“ ლიდერი იგორ სარქისიანი, პარტია „სომხეთის“ დეპუტატი არტურ სარქისიანი და ყოფილი დეპუტატი მთიანი ყარაბაღიდან, დავით გალსტიანი.
„2024 წლის ზაფხულში ვაზგენ გალსტანიანმა ჩამოაყალიბა მოძრაობა სახელწოდებით „წმინდა ბრძოლა“. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა და მართავდა აქცია-მსვლელობებს სომხეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხის, ასევე მოძრაობის მხარდამჭერი და ქვეყნის ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოზიციების განსახილველად, რათა შემდგომში აეღო სომხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მართვის სადავეები.
რამდენიმე თვის განმავლობაში ამ გზით მიუღწეველი მიზნებისა და პოლიტიკური შინაარსის საჯარო ღონისძიებების შეწყვეტის შემდეგ, ვაზგენ გალსტანიანმა გააცნობიერა, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ხალხია და ხალხი განსაზღვრავს ხელისუფლებას თავისუფალი არჩევნებისა რეფერენდუმების გზით, ხოლო რომელიმე ორგანიზაციის ან პირის მიერ ხელისუფლების უზურპაცია დანაშაულებრივი ქმედებაა.
პერიოდული შეხვედრების შედეგად, მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრებმა გადაწყვიტეს, ჩამოეყალიბებინათ 200-250 თავდასხმითი ჯგუფი, თითოეული 25 პირისგან შემდგარი, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, პოლიციის თანამშრომლებით. მათ კონკრეტული დავალება ჰქონდათ მიცემული, რომელიც ნებისმიერ ფასად, დავალების ცოდნის გარეშე უნდა შეესრულებინათ…“ – ნათქვამია სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის პრემიერის ოპონენტები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ნიკოლ ფაშინიანს რეპრესიებში ადანაშაულებენ. ოპონენტებს კი ფაშინიანი ხელისუფლების მიტაცების გეგმის წარმატებულად აღკვეთის არგუმენტით პასუხობს.
„სამართალდამცავმა უწყებებმა ხელი შეუშალეს სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების „კრიმინალურ-ოლიგარქიულ-კლერიკალური“ გეგმა“ – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკზე“.
სომხეთში მიმდინარე პროცესებს აფასებენ მოსკოვშიც. კრემლში ამბობენ, რომ მათი მიზანი „აყვავებული სომხეთის“ ხილვაა.
„რა თქმა უნდა, ეს სომხეთის შიდა საქმეა. ცხადია, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ სომხეთში შენარჩუნდეს სიმშვიდე და კანონიერება და რომ სომხეთი იყოს აყვავებული, სტაბილური, რუსეთთან მეგობრული დამოკიდებულების მქონე ქვეყანა“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეფასდა კრემლის სახელმწიფო მედიის მიერ რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის დაკავებაზე გამოთქმული მოსაზრება. მაშინ ერევანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. თავად ბიზნესმენი 18 ივნისს დააკავეს, ვაზგენ გალსტანიანის მსგავსად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ნიკოლ ფაშინიანის ოპონენტებმა და სამველ კარაპეტიანის უფლებადამცველებმა მილიარდერის პატიმრობა სომხური ეკლესიის მხარდამჭერ განცხადებებს დაუკავშირეს.
დაძაბულობა სომხურ ეკლესიასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შესახებ, ნიკოლ ფაშინიანის ხისტი განცხადებების გამო გაღვივდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პატრიარქი ჯერ რუსეთიდან მიღებულ დავალებებში დაადანაშაულა, შემდეგ კი უბიწოების აღთქმის დარღვევაში. ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი სასულიერო პირებს ღიად აკრიტიკებენ და მათ ქვეყნის „მთავარ მაფიოზებს“ უწოდებენ.
10 ივნისს კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ გარეგინ მეორეს გადასაყენებლად საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.