მთავარისაქართველოახალი კანონით ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურება მოხდება

ახალი კანონით ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურება მოხდება

საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომლის ამოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებები ხუთ კანონში შედის. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

“საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია “სისხლის სამართლის კოდექსის“: – 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება – 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა”, – აღნიშნულია საკანონმდებლო პროექტის აღწერაში.

მსგავსი შინაარსის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და უფლებდამცველები შიშობენ, რომ ეს კანონიც პოლიტიკური რეპრესიებისთვის იქნება გამოყენებული, რადგან საფრთხე არამხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ მისი ოჯახის წევრს ან სხვა ახლობელსაც შეექმნება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend