ესპანეთის პარლამენტში ხმაური იყო – პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში, უკავშირდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თანაშემწის სავარაუდო მონაწილეობას კორუფციულ გარიგებაში.
დაძაბულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის” ლიდერმა, სანტიაგო აბსკალმა პედრო სანჩესს კორუმპირებული და მოღალატე უწოდა. მოგვიანებით კი, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
გასულ კვირას ესპანეთის პოლიციამ აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სანჩესის თანაშემწე, სანტოს სერდანი, საჯარო სამსახურის კონტრაქტების სანაცვლოდ ქრთამს იღებდა. თავად სერდანმა ეს ბრალდებები უარყო, თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა. ის პედრო სანჩესის სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც არის.
ესპანელი კანონმდებლების ნაწილმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. თუმცა პედრო სანჩესი არ აპირებს მოლაპარაკებას ამ საკითხზე. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა ამავდროულად ისაუბრა სხვა პარტიების კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებაც.
კერძოდ, სანჩესმა გაიხსენა გურტელის საქმე, სადაც ოპოზიციური სახალხო პარტიის ასობით თანამშრომელი კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული, მათ შორის ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადებთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემებში. სანჩესმა ისიც დასძინა, რომ მისი პარტია აქტიურად ებრძვის კორუფციას.
სახალხო პარტიის ლიდერმა ნუნეზ ფეიზოომ კი პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა. მან ასევე განაცხადა, რომ სანჩესს არჩევნებში მოგების იმედი არ აქვს და სწორედ ამიტომ არ ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.