საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მსოფლიოში აერონავტიკის უდიდესი ავიაშოუ მიმდინარეობს, სადაც 48 ქვეყნიდან 2400-ზე მეტი წარმომადგენელი წარადგენს პროდუქციას. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ოთხ კომპანიას საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აეკრძალათ გამოფენაზე თავიანთი პროდუქციის გამოფენა. მიზეზად კი ღაზის სექტორში გამოყენებული შემტევი იარაღის გამოფენაზე გატანა დასახელდა. კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
პარიზის ავიაშოუზე, სამშაბათს ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გეგმის შესახებ განაცხადა.
„ეს სტენდი დაახლოებით ერთი წლის წინ ვიქირავეთ. სტენდის ნახაზები რამდენიმე თვის წინ გავუგზავნეთ საფრანგეთის ხელისუფლებას და ასევე ჩვენი ყველა აღჭურვილობით გავიარეთ საბაჟო შემოწმება. ახლა კი ყოველგვარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, გამოფენის წინა დღეს მათ გადაწყვიტეს ჩვენი სტენდი დახურონ.“ – აცხადებს კომპანია „რაფაელის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი შლომო ტაოფი.
მისი თქმით ისინი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ფინანსური ზიანის მიყენების მოტივით აპირებენ, იმის გამო, რომ არ გამოაფენინეს მათი პროდუქცია, მათსავე ნაქირავებ ფართში. აღშფოთება და გაღიზიანება გამოხატეს ასევე “ელბიტ სისტემსის” წარმომადგენლებმა და ამ ნაბიჯს დისკრიმინაციული უწოდეს.
„ იმედგაცრუებული ვარ. გამოფენაში დიდი თანხა ჩავდეთ. ჩვენ არ გვესმის ამ გადაწყვეტილების ლოგიკა. ჩვენი პერსპექტივიდან, ეს დისკრიმინაციაა, რადგან ირგვლივ ყველა ერთსა და იმავე სისტემებს წარმოაჩენს.“ – აცხადებს კომპანია „ელბიტის“ საჰაერო ელექტრო-ოპტიკური სისტემების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სასონ მეშარი.
ფრანგული მხარის გადაწყვეტილებას ეთანხმება, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ.
„საფრანგეთის მთავრობის დიპლომატიური არჩევანის გათვალისწინებით, კერძოდ, ღაზის სექტორთან დაკავშირებული ძალიან დიდი შეშფოთების გათვალისწინებით, ჩვენ არ შეგვეძლო არ გვეჩვენებინა, რომ ვიცავთ გარკვეულ დისტანციას, ჩვენთვის მიუღებელი იყო შეტევითი ხასიათის იარაღის ასეთ გამოფენაზე წარმოჩენა.“ – აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის იარაღის მწარმოებლები საფრანგეთში წინააღმდეგობას აწყდებიან.
მათ 2024 წელს სახმელეთო თავდაცვის გამოფენაზე მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, ხოლო საზღვაო თავდაცვის გამოფენაზე მხოლოდ პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუშვეს.