„მსოფლიო იმაზე დაყოფილი და საშიშია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნული განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 16 ივნისს ქალაქ კანანასკისში, დიდი შვიდეულის სამიტის გახსნითი სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა.
მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა ამ სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ლიდერების შეხვედრა ბერლინის კედლის დაცემისა და შეერთებულ შტატებზე 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჩატარებულ სამიტებს შეადარა.
„როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვხვდებით ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, გარდამტეხ მომენტში. მსოფლიო უფრო დაყოფილი და საშიშია. მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა და ტერორისტებმა თავიანთი შესაძლებლობები და მოქმედების არეალი გააფართოვეს, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას ჩვენს ადგილობრივ თემებში. გლობალური ვაჭრობა, ენერგეტიკული სისტემები და დაზვერვაც კი – ყველაფერი იცვლება“, – ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი.
დიდი შვიდეულის სამიტი 15 ივნისს დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ლიდერები.
რა თქმა უნდა, განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი და ისრაელსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონფლიქტია. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მედიასთანაც ისაუბრეს.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული.
„სანქციებს იმიტომ არ ვაწესებ, რომ ველოდები, გაფორმდება თუ არა შეთანხმება. არ დაგავიწყდეთ, რომ სანქციები ძალიან ძვირი გვიჯდება. როდესაც ქვეყანაზე ვაწესებ სანქციებს, ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოდით, დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. თქვენ მილიარდობით დოლარზე საუბრობთ. სანქციები არც ისე მარტივია, მას ორმხრივი ეფექტი აქვს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
მედიასთან ისაუბრა კირ სტარმერმაც და აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე აქცენტი ისრაელ-ირანის კონფლიქტის დეესკალაციისკენაა მიმართული.
„მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დეესკალაციაზე გავამახვილოთ, რადგან კონფლიქტის ესკალაციის რისკები აშკარაა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამას სავარაუდოდ გავლენა ექნება ღაზაზე, რომელიც ცეცხლის ალშია და რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ეკონომიკაზე. სწორედ ამიტომ, დიდი შვიდეულის სამიტზე აქცენტი დეესკალაციაზე იქნება. ესაა ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ვითარების დეესკალაციის გზა, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რომელიც გვაქვს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – ამბობს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა, ასევე, ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის საქონელზე დაწესებულ ტარიფებს საგრძნობლად შეამცირებს. თუმცა შეთანხმება არ მოიცავს ფოლადზე დაწესებულ ტარიფებს, რაზეც მხარეები ჯერ კიდევ მუშაობენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 17 ივნისს უკრაინისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და კლაუდია შეინბაუმს უნდა შეხვედროდა, დიდი შვიდეულის სამიტს ერთი დღით ადრე დატოვებდა. ტრამპის თქმით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო მას გადაუდებელი საქმეები აქვს.
„უნდა დავბრუნდე, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ მასპინძელს, რომელმაც ფანტასტიკური სამუშაო გასწია. მადლობა კანადას, მაგრამ თქვენც იმას ხედავთ, რასაც მე და რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. ამ შესანიშნავ ლიდერებთან ერთა ვივახშმებ და შემდეგ თვითმფრინავში ავალ. ადრე უნდა დავბრუნდე“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი სამიტს ნაადრევად ტოვებს. 2018 წლის დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც კვებეკში იმართებოდა, ტრამპმა ნაადრევად, მეორე დღეს დატოვა და განაცხადა, რომ სინგაპურში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო.