ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო, ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მიღწეული შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
კონკრეტულად კი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს გაეროს ქარტიის დარღვევა, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა. ამ რეფორმით უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები იქნება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები – მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მიგრანტების მიზანმიმართული გამოყენება საზოგადოებრივი სტაბილურობის შერყევისთვის, ან „ოქროს პასპორტების” სქემები, რაც უსაფრთხოების რისკებს ქმნის. ასევე, თუ ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ ეთანხმება და ეს შესაძლოა მისი ტერიტორიიდან არალეგალური შესვლის საფრთხეს ქმნიდეს, ესეც შეჩერების საფუძველი გახდება.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შენარჩუნდება უკვე არსებული საფუძვლებიც. იმისთვის, რომ შეთანხმებამ კანონის სახე მიიღოს, ის ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ.