კანადაში, კანანასკისის რეგიონში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყო. 51-ე სამიტს კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ხელმძღვანელობს. ის სამიტის ფარგლებში პირველად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.
„პირველ რიგში, მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრ სტარმერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობაა კანადისთვის, ეს ჩვენი მემკვიდრეობაა. ჩვენ საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გვაქვს. ამ 3 დღის განმავლობაში ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. სამიტზე განხილული ყველა თემა ჩვენი მოქალაქეების სამომავლო კეთილდღეობას ეხება. მე პრემიერი სტარმერისგან ბევრი რამ მისწავლია. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ის ღირებულებები, რომლებითაც საკუთარ ქვეყანას მართავს, მართლაც საოცარია“, – ამბობს მარკ კარნი, კანადის პრემიერ-მინისტრი.
დღის წესრიგში მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ისრაელ-ირანის ურთიერთობა იქნება. სამიტზე ასევე გაიმართება დისკუსია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის შესახებ.
ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზეც. სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არის, რომელიც, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპს შეხვდება.
„პრემიერ-მინისტრო მარკ, ჩემო მეგობარო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ორმხრივი ვიზიტით ვიმყოფები. ჩვენ ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთპატივისცემა ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აქ 2018 წლის შემდეგ ორმხრივი ვიზიტით იმყოფება. ჩვენი ქვეყნების ისტორია და ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებულია. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით, როგორც თანამეგობრობის წევრები, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნები. ამ სამიტზე, ცხადია, ისრაელთან და ირანთან კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს და ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს თანალიდერებთან ერთად ვისაუბროთ სწრაფად ცვალებად სიტუაციაზე და ერთად წარმოვადგინოთ ძლიერი არგუმენტები, რომ ამ კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე“,-ამბობს კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, მთავარი თემა აშშ-ისა და კანადის სამთვიანი, ე.წ. „ტრამპის“ ტარიფები იქნება.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ მწვანე ენერგიის, კლიმატური რეგულაციებისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის სამოქმედო გეგმებს.
Au cours des deux prochains jours, les dirigeants du #G7 se réuniront pour discuter de questions mondiales qui ont une incidence sur les populations du monde entier. Pour en savoir plus sur les priorités: https://t.co/IQp0r7z1oX #G7Kananaskis2025 pic.twitter.com/AuNjggqk6F
— G7 (@G7) June 15, 2025
კანანასკისის კურორტამდე მიმავალ იზოლირებულ გზაზე, სადაც შეხვედრები გაიმართება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
იზოლირებული კურორტი მაღალ მთებს, მდინარეებსა და ხეებს შორისაა მოქცეული.
სამიტი კვირას, 15 ივნისს, დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება.