ირანის სარაკეტო დარტყმებმა ისრაელში 10 ადამიანი იმსხვერპლა. ღამით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განგაშის სიგნალის ხმა ინტენსიურად ისმოდა.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქი ბათ-იამი აღმოჩნდა, სადაც 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. 7 პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. თეირანის დარტყმებმა უკვე იმსხვერპლა 4 პირი ქალაქ ტამრასა და გალილეაში. არ ეძინა დედაქალაქსაც. ირანის ბოლო საჰაერო იერიშის შემდეგ ისრაელში 200 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს მწუხარებით სავსე და მძიმე დილა გაუთენდა, თუმცა ქვეყანა ყველაფერს დაძლევს.
სიმშვიდე არ ყოფილა არც ირანში. აქ ისრაელის თავდაცვის ძალები დასახული ამოცანების შესრულებას განაგრძობენ. ვარაუდობენ, რომ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით “ამომავალი ლომი” შესაძლოა კვირები დასჭირდეს. 15 ივნისის ღამეს, ისრაელის სამიზნე ბირთვულ პროგრამასთან კავშირში არსებული შენობები იყო. მათ შორის მოხვდა ირანის თავდაცვის სამინისტროც, ასევე “თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის” ის შტაბ-ბინა, რომელშიც ვიწროდ ბირთვულ პროგრამაზე მიდიოდა მუშაობა. მასშტაბური ხანძარი მოჰყვა თეირანში მდებარე შაჰრანის ნავთობის საცავის დაბომბვას. ეს პირველი შემთხვევაა,როდესაც “ცახალმა” იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ ირანელებს დატოვონ სამხედრო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს არსებული რაიონები.
ირანში კი დარწმუნებულები არიან,რომ ისრაელის დარტყმების უკან აშშ დგას. ბირთვულ საკითხებზე 15 ივნისს ჩანიშნული მოლაპარაკებები, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჩაიშალა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს,რომ აშშ-ის მწვანე შუქის გარეშე ისრაელი ირანს არ დაარტყამდა. მეტიც, აბას არაღჩი ამბობს,რომ მტკიცებულებაც კი აქვს. შესაბამისად ის აშშ-ს მოლაპარაკებების მე-6 რაუნდის საბოტაჟში ადანაშაულებს.
ბრალდებებს უარყოფს დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ ვაშინგტონს ამასთან საერთო არაფერი აქვს და თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაესხმება, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, მაშინ საკუთარ თავზე სრული ძალით იმგვარ პასუხს იწვნევს, როგორიც მანამდე არავის უნახავს. ამის მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ სურვილის შემთხვევაში ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მარტივი მისაღწევია. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მანამდე ბევრჯერ უთქვამს,რომ ირანმა ურანის გამდიდრებაზე და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა უნდა შეწყვიტოს.
ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა სერიოზული სახე 13 ივნისს მიიღო,როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად ისრაელმა ახალი სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით იმდენ დღეს გაგრძელდება, რაც ამ საფრთხის აღმოფხვრისთვისაა საჭირო.