მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლო დაიხურა - მოსამართლემ პროცესი მედიასაც დაატოვებინა

აქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლო დაიხურა – მოსამართლემ პროცესი მედიასაც დაატოვებინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს მოუსმინა – მხარეთა კითხვებს უპასუხეს იმ გამომძიებლებმა, ვინც საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროცესის ერთ-ერთმა დამსწრემ წუხილი გამოთქვა, რომ ხანგრძლივი სხდომის განმავლობაში პროცესის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ბრალდებულებს, ჭამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დარბაზის დატოვება მოუწიათ ჟურნალისტებსაც, მათ შორის მათაც, ვისაც სხდომის გადაღების უფლება ჰქონდა.

წინა სასამართლო პროცესებზე სასამართლოს წინაშე წარდგნენ ის პოლიციელები, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. მათგან არცერთს უთქვამს, რომ საპროტესტო აქციაზე ზიანი საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ მიაყენა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. ისინი მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური მოტივით ხსნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend