კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ 2025 წლის ბოლოს კანადა დააკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს.
მარკ კარნის თქმით, გეგმა ხუთი წლით ადრე შესრულდა. ჯერ კიდევ 2023 წელს კანადა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.33%-ს ხარჯავდა.
„დღეს ვაცხადებ, რომ წელს კანადა მიაღწევს ნატოს მშპ-ის 2%-იან მიზანს, დაგეგმილზე 5 წლით ადრე. და ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ინვესტიციებს მომავალ წლებში, ამ ახალი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. დავიწყებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისა და ინვესტიციების განხორციელების წესების შეცვლით. შევცვლით სამხედრო სამსახურში მყოფი მამაკაცებისა და ქალების შეიარაღების წესს, რათა შევძლოთ ბრძოლა ახალ საბრძოლო ველებზე, უცნობ ტერიტორიაზე, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ზღვის ფსკერიდან არქტიკამდე და კიბერსივრცემდე, რათა დავიცვათ კანადელები, ჩვენი ინტერესები და მოკავშირეები“, – ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი.
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადება წინ უსწრებს ივნისის ბოლოს ჰააგაში დაგეგმილ სამიტს, სადაც ევროპელი ლიდერები თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე იმსჯელებენ.
მარკ კარნის თქმით, შეერთებული შტატები მსოფლიო ასპარეზზე აღარაა დომინანტი და, შესაბამისად, კანადა ევროპასთან ერთად ტექნოლოგიური განვითარებისა და წარმოების ზრდაზე სამუშაოდ მზადაა.
„კანადა დარწმუნებულია, რომ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია და ჩვენი მრავალი სტრატეგიული რესურსი, კრიტიკული მინერალებიდან კიბერუსაფრთხოებამდე, მნიშვნელოვან წილს შეიტანს ნატოს უსაფრთხოებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ მოკავშირეების ვალდებულებებს, უზრუნველყონ ნატოს მიერ აგრესიის შეკავება ყველა სფეროში და ყველა მოწინააღმდეგისგან. ჩვენი ფუნდამენტური მიზანი ამ ყველაფერში კანადელების დაცვაა და არა უბრალოდ ნატოს ბუღალტრების დაკმაყოფილება“, – ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში სამიტი 24 ივნისსაა დაგეგმილი.