„სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომელიც ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის, ინტერესებს სტრასბურგში იცავს, აცხადებს, რომ ის შესაძლოა საქართველოდან იძულებით გააძევონ. უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო დავები ეროვნულ დონეზე უკვე დასრულდა და 5 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა შესაძლოა ის იძულებით გააძევოს საქართველოდან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში” მიიჩნევენ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა და თურქეთში მისი დეპორტაციის შემთხვევაში შეიძლება მისი ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის (გაფფარ ილმაზი) საქმეს, რომელიც ასახავს მშვიდობიან პროტესტში მონაწილე, მუჰაჯირების შთამომავლისა და ქართული კულტურისა და ენის დამცველის დასჯის მძიმე ისტორიას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას მისი იძულებითი გაძევება საქართველოდან.
თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო დავები ეროვნულ დონეზე უკვე დასრულდა და 5 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა შესაძლოა ის იძულებით გააძევოს საქართველოდან. სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულების სისტემამ ვერ შეძლო ბათუმელი მედროშის უფლებების დაცვა და მისი სათანადო დაცვა თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალი რისკებისგან. ამის საპირისპიროდ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კოორდინირებულად უგულებელყვეს მისი ინტერესები და მოთხოვნები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია და საბოლოოდ თემურ ქათამაძემ შეძლო ოფიციალური საქმის მასალების წარდგენა იმ ახალი გარემოებების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს თურქეთში მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვის რისკებს, არც სასამართლომ და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ეს გარემოებები მხედველობაშიც კი არ მიიღო.
თემურ ქათამაძის საქმეზე ბოლო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 2025 წლის 5 ივნისს მიიღო და არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ასაჩივრებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან მისი გაძევების შესახებ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას პრაქტიკულად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), თემურ ქათამაძე პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ უფლებით.
ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების საკითხთან დაკავშირებით „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” განცხადებით მიმართა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია იმისთვის, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია. მიგრაციის დეპარტამენტს აღნიშნულ წერილზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია, რაც თემურ ქათამაძისთვის მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის უფლების რეალიზებას. ამ პირობებში, შესაძლოა თემურ ქათამაძე იძულებული გახდეს თავად წავიდეს თურქეთში, ან 5 დღის ვადის ამოწურვის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტის იძულებით ღონისძიების ფარგლებში გაძევდეს თურქეთში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში თემურ ქათამაძის საქმეზე გამოჩნდა ახალი გარემოებები, რომლებიც კიდევ უფრო აშკარად წარმოადგენს მის მიმართ თურქეთში პოლიტიკური დევნის რისკებს, არც სასამართლოს და არც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ეს ფაქტები მხედველობაში არ მიუღია.
კერძოდ, 2025 წლის 22 მაისს მედიასაშუალებებმა „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ მიაწოდეს ოფიციალური უწყებების დოკუმენტების ასლები, რომლებიც აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძეს, მისი საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, თურქეთში დაპატიმრება ელოდება. დოკუმენტების თანახმად, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ თემურ ქათამაძე დაკავშირებულია ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან FETO-სთან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამავე დოკუმენტების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ამ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალევე თურქეთში თემურ ქათამაძის ადვოკატმა შეძლო ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე მის დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით. საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომელიც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით. პრაქტიკაში, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.
აღსანიშნავია, რომ თემურ ქათამაძე არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის გამორიცხავს კავშირს ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან და მხოლოდ ამ მოძრაობის წევრებთან პირად ნაცნობობას ადასტურებს და მისი თქმით, მას არც პრაქტიკული და არც იდეოლოგიური კავშირები ამ ორგანიზაციასთან არასდროს ჰქონია.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ თვეების განმავლობაში თემურ ქათამაძეს თურქეთის რესპუბლიკამ არ მისცა მინდობილობის გაფორმების შესაძლებლობა, რაც ზღუდავდა მის წვდომას თურქეთში მიმდინარე გამოძიების მასალებზე და ართმევდა შესაძლებლობას, სათანადოდ დაეცვა თავისი ინტერესები ქართულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საქმის წარმოების ფარგლებში არც შსს მიგრაციის დეპარტამენტმა და არც სასამართლომ არ უზრუნველყო თურქეთიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა და საქმის ჯეროვანი და სრულყოფილი განხილვა.
თემურ ქათამაძის საქმის გარემოებები, მათ შორის ახლად გამოვლენილი საქმის მასალები აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძე თურქეთში გაძევების შემდეგ შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლების) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლი. თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების უფლებების სისტემურ დარღვევაზე საუბრობს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. მაგალითად:
Human Rights Watch-ის 2025 წლის მსოფლიო ანგარიშის მიხედვით თურქეთზე, ათასობით ადამიანი დაპატიმრებას, გამოძიებასა და უსამართლო სასამართლო პროცესებს ექვემდებარება ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, რომელთა მიზეზად მთავრობა აშშ-ში მყოფ, გარდაცვლილ სასულიერო პირს ფეჰთულაფ გიულენსა და მის მოძრაობასთან კავშირებს ასახელებს. ხელისუფლება ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და მას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას უკავშირებს. ბევრი ბრალდებული გრძელვადიან და თვითნებურ პატიმრობაში იმყოფება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის გარეშე, ხოლო მასობრივი დათხოვნის შედეგად საჯარო სამსახურსა და სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურს ჩამოშორდა. ანგარიშის მიხედვით, 13 251 ბრალდებული ან მსჯავრდებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფება ამ მოძრაობის წევრობის ბრალდებით (Human Rights Watch, 2025 World Report on Türkiye).
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ თურქეთის მეხუთე პერიოდულ ანგარიშზე წარმოდგენილ დასკვნით შენიშვნებში, 2024 წლის 14 აგვისტოს თარიღით, კომიტეტმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მკაცრ გადატვირთულობაზე, მაღალი უსაფრთხოების ციხეებში ფაქტობრივი იზოლაციის ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე და რუტინულ ტანსაცმლის გარეშე ჩხრეკაზე, რომელიც ხშირად იურიდიული საფუძვლის გარეშე ტარდება. ასევე ხაზგასმულია სამედიცინო მომსახურების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, როდესაც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ციხის პერსონალი იღებს ექიმების ნაცვლად და პაციენტებს თვითნებურად ეზღუდებათ ჰოსპიტალში გადაყვანა ან დროებითი გათავისუფლება. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ პირობითი გათავისუფლების გადაწყვეტილებებს იღებს ციხის ადმინისტრაცია, რომელიც დამოუკიდებლობით არ ხასიათდება, რაც ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე მყოფი პატიმრების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. კომიტეტმა ასევე გამოხატა შეშფოთება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გავრცელების შესახებ, განსაკუთრებით დაკავების დაწესებულებებში, მათ შორის ცემის, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების, ელექტროშოკისა და წყლით დახრჩობის მსგავს მეთოდებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ წამებისა და ძალადობის ბრალდებების მატებას, განსაკუთრებით აღიარებების იძულებითი მოპოვებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების კონტექსტში. გარდა ამისა, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები ხშირად ექვემდებარებიან მუქარას, ფიზიკურ შევიწროებას, დაკავებას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას საკუთარი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების კანონიერად განხორციელების გამო (United Nations Committee against Torture, Concluding Observations on the fifth periodic report of Türkiye, 14 August 2024).
Amnesty International-ის 2025 წლის 1-ელ აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ თურქეთში მიუთითებს, რომ 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ გააჩაღა ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული რეპრესიები სავარაუდო ოპონენტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფ პირებზე. 40 000-ზე მეტი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში მოექცა, დაახლოებით 90 000 საჯარო მოხელე თანამდებობიდან თვითნებურად გაათავისუფლეს, ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიასაშუალება და უნივერსიტეტი დაიხურა. ჟურნალისტები, აკადემიკოსები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები თვითნებურად იდევნებოდნენ, ასამართლებდნენ და აწამებდნენ ხშირად ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტებმა და საკონსტიტუციო ცვლილებებმა მკვეთრად შეამცირა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა კანონის წინაშე დაცვის უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. პოლიტპატიმრები სისტემატურად ექვემდებარებიან წამებას, ხანგრძლივ იზოლაციას, სამედიცინო დახმარებისა და ადვოკატთან წვდომის უარყოფას (Amnesty International, Human Rights in Türkiye, 1 April 2025).
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღემდე განიხილავს თურქეთის მიერ ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი პირების უფლებების დარღვევის ფაქტებს. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ თურქეთმა სათანადოდ აღასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათთან კავშირში მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები, ბოლო წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთი აღნიშნულ მოთხოვნებს პრაქტიკულად არ ასრულებს.
ზემოხსენებული გარემოებებისა და თურქეთში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების უფლებების სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გეგმავს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად. მათ შორის, გამოიყენოს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოდან მისი გაძევება და თურქეთში მისი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებების დარღვევა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, არ დაუშვას თემურ ქათამაძის დაჩქარებული გაძევება ქვეყნიდან. აუცილებელია, რომ მას მიეცეს საკმარისი დრო, ნათელი განმარტებები და პრაქტიკული შესაძლებლობა, რათა მოახერხოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება. თემურ ქათამაძის ინტერესებს ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში იცავდა ჩვენი კოლეგა და პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილი გარემოებებისა და საერთაშორისო დავის ეტაპს, ბათუმელი მედროშის ინტერესების დაცვას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აგრძელებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.