მთავარისაქართველოსად წავიდა დეივიდ ლინჩი?

სად წავიდა დეივიდ ლინჩი?

სად წავიდა დევიდ ლინჩი? – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ქართველი მხატვარი ROMANOZ, რომლის გამოფენაც მაისში, პარიზის ლეგენდარულ სასტუმროში შანგრი-ლა-ში, მოდის ჩვენების ფარგლებში გაიხსნა სახელწოდებით UNIQUE.

სახელგანთქმული, საკულტო კინორეჟისორის, დევიდ ლინჩისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა მეტაფიზიკურ სამყაროს ასახავს და ლინჩს არა წარსულის პერსონაჟად, არამედ ალტერნატიულ, ტრანსცენდენტურ სივრცეში მოქმედ ცნობიერებად წარმოაჩენს.

„მოხარული ვარ, რომ ამდენ თვიანი შრომის შემდეგ დღეს ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ ეს პროექტი, რომელიც მე სპეციალურად დევიდ ლინჩს მივუძღვენი. მას ეძღვნება ეს გამოფენა და მინდა, ვაჩვენო საზოგადოებას ის სამყარო, სადაც დღევანდელ დღეს არის დევიდ ლინჩი. ის არის ტრანსცენდენტურ განზომილებაში. ეს ნამუშევარი, რომელიც ჩემ უკანაა წარმოდგენილი, ზუსტად ასახავს ამ სივრცეს”, – ამბობს ქართველი მხატვარი ROMANOZ.

4 მეტრის სიგრძის ტილო ერთგვარი ვიზუალური პორტალია, რომლის მიღმაც დევიდ ლინჩი, რომელიც 16 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ციფრული ავატარის მეშვეობით კვლავ განაგრძობს შემოქმედებას.

ROMANOZ-ის ნახატების ეს უახლესი სერია ვიზუალური ხელოვნებისა და ფილოსოფიის ნაზავია, რომელიც ფერწერას – მოდის მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი სახის – არა ფონად, არამედ განუყოფელ ნაწილად წარმოაჩენს.

„ძალიან მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ გამორჩეული ქართველი მხატვარი ROMANOZ. ვიმედოვნებთ, მასთან კიდევ ბევრი კოლაბორაციის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენს მოდის ჩვენებაზე წარმოდგენილია ორი ქართველი დიზაინერიც. ჩვენ ქართველ დიზაინერებს მსოფლიო სცენაზე წარმოჩენაში ვუწყობთ ხელს“, – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი გიტა ჯავიდი.

ROMANOZ-ის მონაწილეობა პარიზის მოდის ჩვენების ფარგლებში სახელწოდებით  UNIQUE თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს და კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის როლს კულტურული და შემოქმედებითი ინოვაციების ჩამოყალიბებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend