საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მშვიდობის პირობებში მზად არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე.
„იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა.
„ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ. გასული 45 წლის განმავლობაში, ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა. განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში”, – აღნიშნა კობახიძემ.
მან უინტერესო უწოდა ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას, რომელშიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებები მკაცრადაა დაგმობილი. ევროპარლამენტი ირაკლი კობახიძემ საბჭოთა კავშირსაც შეადარა.
„ევროპარლამენტის რეზოლუციები აბსოლუტურად უინტერესოა – თუკი რამე საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს, ეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტია, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან არაფრით განსხვავდება! მახსოვს, 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვის შინაარსი, უსამართლობის ხარისხი და დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან არაფრით განსხვავდება.
სამწუხაროდ, ჩვენს ევროპულ მიდგომას ხშირად საბჭოური მიდგომით პასუხობენ. გვეგონა, რომ საბჭოურ მიდგომებს 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს მიდგომები კვლავ ძალაშია. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ასეთ მიდგომებს ხშირად დასავლეთიდან ვხედავთ – იმედია, ეს შეიცვლება! ეს პირველ რიგში, ევროპასა და ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას სჭირდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ!”- განაცხადა პრემიერმა.