ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება. დღეს, 5 ივნისს, მოკავშირეები დაამტკიცებენ იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი უფრო მეტ შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს. ამ საკითხზე ევროპელები თვეების წინ შეთანხმდნენ.
მიზანი უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ევროპის, არქტიკისა და ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გარანტიაა. ამ მხრივ, ნატოს 32 სახელმწიფო მეტად იქნება ორიენტირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი სისტემების, არტილერიის, აღჭურვილობის, დრონებისა და მძიმე საჰაერო ტექნიკის შესყიდვაზე. თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდა წევრი სახელმწიფოების მთავარ ამოცანად რჩება. დღეს ბრიუსელის მინისტერიალზე განიხილება ნატოს ლიდერების მოახლოებული სამიტიც.
📍 Today, NATO Defence Ministers are meeting in Brussels
📲 Follow @SecGenNATO, @NATOPress and @NATO for the latest #DefMin updates
Tap to find the full programme ⤵
— NATO (@NATO) June 5, 2025
„ჩვენ შევთანხმდებით იმ მიზნებზე, რომლებიც 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნაში დაგვეხმარება ნატოს ტერიტორიაზე. განვსაზღვრავთ ნატოს ხარჯებს და
ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნდა დავხარჯოთ უფრო მეტი, თუ გვსურს, რომ მივაღწიოთ ყველა ამ მიზანს. ამის კეთებით კი ხელს შევუწყობთ თავდაცვის ხარჯების ზრდას, კანადას, ევროპასა და აშშ-ის შორის. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს პრეზიდენტს იმ ძალისხმევის გამო, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით იჩენს”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ლიდერების სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაშია ჩანიშნული. აქ დონალდ ტრამპი ნატოელ პარტნიორებს პირადად შეხვდება. მანამდე ნატოს სათაო ოფისში პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი ჩავიდა. ის მარკ რუტეს შეხვდა და მას ვაშინგტონის გზავნილები გააცნო.
„ნატოს ბიუჯეტის ზრდისა და ალიანსის აღდგენისთვის არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა ტრამპმა. მან პირველივე ვადაში თქვა, რომ ქვეყნებს უნდა დაეხარჯათ მეტი საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ევროპულმა ქვეყნებმა კი გადადგეს ნაბიჯები და უკვე დღეს ჩვენ ვხედავთ უფრო მეტს. ჩემი აქ ყოფნის მიზეზია დავრწმუნდე, რომ ნატოს თითოეულ სახელმწიფოს ესმის გუნდში მხარდამხარ ყოფნის აუცილებლობა. შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოახერხოს თავდაცვის ხარჯების 5%-იან დონეზე აყვანა, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე”, – ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი.