ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გუშინ, 4 ივნისს, ფხენიანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მიიღო.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უპირობო და ურყევი მხარდაჭერა რუსეთსა და მის პოზიციას საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ, მათ შორის უკრაინის, საკითხში.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების გზები, ასევე კონსენსუსს მიაღწიეს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა განიხილეს კურსკის რეგიონის აღდგენის პერსპექტივა. დაისახა გზები ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავადაც.
შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა.

აპრილში კი ორივე ქვეყანამ პირველად დაადასტურა ოფიციალურად, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროები რუსეთში იმყოფებოდნენ და ეხმარებოდნენ რუსებს უკრაინელების კურსკის სასაზღვრო რეგიონიდან განდევნაში.
ორივე მხარე ამ დრომდე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ჩრდილოეთკორეელი სამხედროა ამჟამად რუსეთში.
თუმცა, აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ შემოდგომაზე რუსეთში 12,000 ჯარისკაცამდე გაგზავნა. ეს 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთი კორეა მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტში იღებს მონაწილეობას.
ჩრდილოეთი კორეა რუსეთს ასევე დიდი რაოდენობით აწვდის იარაღსა და საბრძოლო მასალას.
სამხრეთი კორეა, აშშ და მათი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გაუწია.
ისინი შეშფოთებული არიან, რადგან რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის პროგრამის გასაძლიერებლად გადასცეს თანამედროვე ტექნოლოგიებიც.