ცვლილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ცვლილებების სწრაფი ტემპი ხშირად იწვევს დაბნეულობას, შფოთვას, გამოფიტვას თუ წონასწორობის დარღვევას, რაც სხვადასხვა მენტალური თუ ფიზიკური სიმპტომით გამოიხატება.
გამოსავალი ცვლილებებთან ადაპტირებაა. ამ უნარს ადაპტურობის ინტელექტს – AQ-ს უწოდებენ. ეს ცნება პირველად 1997 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ სტოლცმა შემოიტანა. მისი განმარტებით, AQ არის ინდივიდის უნარი, გააგრძელოს განვითარება და დარჩეს აქტიური გამოწვევების დროს, მაშინაც კი, როცა ვითარება არაპროგნოზირებადი ან დამთრგუნველია.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ საკითხზე „ეისითი ინსტიტუტის” ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერმა, მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტმა, რუსუდან თელიამ ისაუბრა.