ოფიციალური პირების განცხადებით, ტყის ხანძრის აქტიური კერების გამო კანადის სამ პროვინციაში 27 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა მანიტობიდან იყო, სადაც გასულ კვირას საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გასული კვირიდან მოყოლებული მხოლოდ მანიტობაში 17 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, მათ შორისაა 5000-ზე მეტი მოსახლე ფლინ-ფლონიდან, რომელიც სასკაჩევანის პროვინციასთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროებში საკმარისი ადგილები აღარ არის, ამიტომ ქალაქებში სპეციალური ცენტრები მოეწყო.
მანიტობის პრემიერმა უაბ კინიუმ განაცხადა, რომ უინიპეგში ევაკუირებულთათვის სასტუმროების ათასზე მეტი ნომერი გამოყვეს. ძლიერი დაკვამლიანების გამო კანადისა და შეერთებული შტატების მოსაზღვრე შტატებში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელმა დაიწია, გართულებულია ხილვადობა.

კანადის ტყის ხანძრების კვამლი საზღვრის სამხრეთით მეზობელ ქვეყანაშიც შეინიშნებოდა. სამშაბათს, 3 ივნისს, მინეაპოლისში განაცხადეს, რომ ჰაერი დაბინძურებულია.
ჰაერის დაბინძურების შესახებ შტატის მოსახლეობას მინესოტის გარემოს სააგენტოც აფრთხილებს.
დაკვამლიანება იყო აღმოსავლეთით, მიჩიგანსა და დასავლეთით, დაკოტასა და ნებრასკაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯორჯიის შტატში. გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA კი იტყობინება, რომ მაღალ სიმაღლეზე ასულმა კვამლმა ევროპამდეც მიაღწია.