„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, სასამართლო პროცესი 13 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი პოლიტიკოსის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესი 13 ივნისს ჩანიშნა და განმარტა, რომ დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე სასამართლოზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცნობები უნდა წარმოადგინოს.
როგორც პოლიტიკოსის ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი აცხადებს, ნიკა გვარამია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და სხდომაზე ამის გამო ვერ მივიდა. მისივე განმარტებით, რადგან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია, პატიმრობაში არიან, ნიკა გვარამიას სასამართლოზე გამოუცხადებლობა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის მიზეზით საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ ედავებიან.
მას აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გირაოს გადახდაზე პოლიტიკოსი უარს აცხადებს, მის გადასახდელად კი სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა 7 ივნისს იწურება.