„ევროკავშირში გაწევრების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა”, – ამის შესახებ კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევრონიუსთან ისაუბრა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ მოთხოვნების 60% უკვე შეასრულა და აქტიურად აგრძელებს ეკონომიკისა და სხვა სექტორებში რეფორმების გატარებას. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრების გზის მიმართ კვლავ ერთგულია საქართველოს მთავრობა.
„ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა ინსტიტუცია, ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, ყველა სამინისტრო და სააგენტო. ამგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროც სხვადასხვა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ ფართოა. ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60% შევასრულეთ.
აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკასა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებასა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე.
მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანი 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა. გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.