სუმის დაკავების პერსპექტივამ ვლადიმერ პუტინს ღიმილი მოჰგვარა, და ეს შემთხვევითი არ არის… ამ ოლქის დაკავება მოსკოვს საქმეს ნაწილობრივ გაუადვილებდა, თუმცა საქმე ის არის, რომ მასზე კონტროლი უკრაინას ეკუთვნის, მის დათმობას კი არავინ აპირებს.
უკრაინის საზღვართან „ბუფერული ზონის” შექმნის ინიციატივა ვლადიმერ პუტინმა კურსკში ვიზიტის შემდეგ საგანგებოდ გამოაცხადა. რუსეთის ეს რეგიონი მისთვის მგრძნობიარე ადგილია, რადგან აქედან უკრაინის შეიარაღებული ძალების შევიწროება დროსთან ერთად ნერვებადაც დაუჯდა. ახლა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხედროებმა საზღვართან ბუფერული ზონების მოწყობის განკარგულება უკვე მიიღეს. თუმცა, ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა რუსეთს ამის სამხედრო შესაძლებლობები ახლა, ომის მეოთხე წელს?
„ამ შემთხვევაში რუსების მიერ ეს დასახული მიზანი ვერ იქნება შესრულებული, რადგან მოუწევთ სუმის, ხარკივის, ჩერნიჰივის ოლქების სასაზღვრო ხაზზე ტერიტორიების გაკონტროლება 15-20 კილომეტრის სიღრმეში, რაც აბსურდული და წარმოუდგენელია. მითუმეტეს ახლა, როდესაც მათი სამხედრო ძალები არიან მნიშვნელოვნად გამოფიტულები, ვიდრე იყვნენ 2022 თუ 2023 წლის შუა პერიოდში.
ბუფერული ზონა ტექნიკური თვალსაზრისით იქნება კარგი, იმისათვის, რომ აკონტროლონ საზღვარი და არ დაუშვან ის, რაც 2024 წლის აგვისტოში კურსკში მოხდა. მაშინ უკრაინელებმა გადალახეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. ეს ერთგვარად იმისთვის სჭირდებათ, რომ საკუთარი მოსახლეობა ამყოფონ ინფორმაციული უსაფრთხოების კომფორტში და დაუმტკიცონ, რომ ყველაფერს აკეთებენ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და მეტს გააკეთებენ მომავალში. ამისათვის კი პუტინისა და მისი პროპაგანდისტების თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი იმგვარი პროცესის წარმართვაა, რომ საზღვარზე დაახლოებით 15-20 კილომეტრიან ბუფერულ ზონას შექმნიან და მომავალში უზრუნველყოფენ, რომ უკრაინელები არ გადმოვიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ამით ის მოსახლეობის დადებითი განწყობის მოპოვებას ცდილობს და იმას გამოხატავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მოწოდების სიმაღლეზეა და კიდევ უფრო დიდხანს შეუძლია ნებისმიერი ამოცანის შესრულება. ეს აბსურდია…” – აღნიშნავს ევრონიუს ჯორჯიასთან ოთარ კონჯარია, სამხედრო ექსპერტი.
ბუფერული ზონის შექმნის ინიციატივა, როგორც წესი, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ძლიერ მხარეს ეკუთვნის. მიზანი ტერიტორიული უსაფრთხოებაა, რათა მოწინააღმდეგის არტილერია ან თუნდაც დრონები, სიღრმეზე ვერ სწვდებოდნენ ტერიტორიებს. ამ ტექნიკური პროცედურით რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების არეალს შეზღუდავს. თუმცა სამხედრო ექსპერტები პუტინის სიტყვებში სხვა მიზეზებს უფრო კითხულობენ.
„ეს მოსაზრება, რომელიც პუტინმა გააჟღერა, ერთ მიზანს ემსახურება, რომ ხაზი გაესვას კონკრეტულ ფაქტს – რომ ის არაა მზად ომის შესაჩერებლად და არც სურს. იმიტომ რომ დასახული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზნებიდან ვერცერთს ვერ მიაღწიეს და ახლა მან რომ ომი შეწყვიტოს, არაფრის გამო – მას ელოდება დაახლოებით იმ ხარისხისა და მასშტაბის დესტაბილიზაცია ქვეყანაში, როგორიც 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მოხდა, რამაც შემდეგ წარმოშვა საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, აყენებს აბსურდულ, არარეალისტურ მოთხოვნებსა და მიზნებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს ომი. რადგან მისთვის ომის გაწელვა ამ მომენტისთვის ხელსაყრელია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, ამგვარი პოლიტიკით ეს უფრო მარტივია, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტით.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სუმის, ჩერნიჰივისა და ხარკივის ოლქებში უკრაინელები განალაგებენ პირობითად ჰაიმარსის ტიპის სარაკეტო სისტემებს, რითაც შესაძლებლობას იძენენ, რომ დაახლოებით 40-60-70 კილომეტრის სიღრმეში დაარტყან რუსეთის საკონტროლო პუნქტებს. შესაბამისად, შეხების წერტილებში, როგორებიცაა ბრიანსკი, კურსკის ოლქები, საზღვრებზე სიღრმითი სივრცე იმ დონეზე უნდა გაკონტროლდეს, რომ უკრაინელებს არ მიეცეთ საშუალება არტილერიის, განსაკუთრებით კი კამიკაძე დრონების დამიზნების საშუალება. თავად კამიკაძე დრონები მოქმედებს ბოლო პერიოდში 15-20 კილომეტრის სიღრმეში და ამიტომაც დაისახეს მიზანი, რომ უკრაინელებს კამიკაძე დრონების გამოყენების საშუალება შეუზღუდოთ. მათი რაოდენობა კი ხშირად 100-1000-საც კი აღწევს. შესაბამისად, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსების აღქმით ეს შესაძლებლობა მოაკლდებათ, ეს მათ შვებას მისცემს, საკუთარ ტერიტორიაზე – იმავე ბელგოროდში, ბრიანსკში თუ კურსკში, სადაც მათ ჯავშანტექნიკა და არტილერია, ასევე ცოცხალი ძალა და საოპერაციო ძალები უყენიათ”, – ამბობს ოთარ კონჯარია.
პუტინის ბუფერული პრეტენზიები კიევში აგრესიულ ნაბიჯად მიიღეს. საგარეო უწყებაში თქვეს, რომ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რასაც უკრაინა დიდი ხანია ამტკიცებს: „რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს”. სწორედ ამიტომაა, რომ ქვეყანა ნატოელ მოკავშირეებსა და სხვა პარტნიორებს რუსეთზე მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს. მათ შორის კი არის ერთი, რომელიც, როგორც ჩანს, ამაში ჯერ ისევ დასარწმუნებელია.
„ტრამპის ქმედებები რეალურად არაა თანხვედრაში მოკავშირეებთან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სენატი აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ სხვა ვარიანტი არ დაუტოვოს, გარდა მოკავშირეებთან ერთად აგრესიული დაპირებების შესრულებისა რუსეთის წინააღმდეგ. მათ შორის უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტებით. კიევისთვის ესაა სიგნალი, რომ რუსეთი აბსურდული მოთხოვნებით აპირებს ომის გაგრძელებას. შესაბამისად, მზად არიან მოკავშირეებს აჩვენონ, რომ ომის შეწყვეტა რუსეთს არ სურს. ამ განცხადებებით ისინი ლოგიკურად და სწორად პოზიციონირებენ, როცა ამბობენ, რომ ეს სიტუაციის ესკალაციისა და ომის გაგრძელების სიგნალია. ტექნიკურად კი ესაა გზავნილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის, რომ გააძლიერონ პოზიციები სუმის, ჩერნიჰივისა და ხარკივის ჩრდილოეთ ნაწილში, შესაძლოა, დამატებითი ძალების გადმოსროლა და არტილერიის განლაგებაც მოუხდეს, შესაძლოა, ამას რეზერვების გადმოყვანაც მოჰყვეს აღმოსავლეთიდან, თუ რუსეთი გაზრდის შეტევების მასშტაბს”, – თვლის ანალიტიკოსი.
ბუფერული ზონის შექმნის იდეას ვლადიმერ პუტინი პირველად არ ამჟღავნებს. ამჯერად ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანძილი და გეოგრაფიული არეალი არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის თქვა, რომ უკრაინული დრონებით შეტევებისას, მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფები სამოქალაქო სივრცეში იჭრებიან, ამიტომ კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის მაგალითებზე რუსეთს რეაგირება მართებს.