მთავარიმსოფლიოევროპაპროევროპელი ძალები იმარჯვებენ რუმინეთის, პოლონეთისა და პორტუგალიის არჩევნებში

პროევროპელი ძალები იმარჯვებენ რუმინეთის, პოლონეთისა და პორტუგალიის არჩევნებში

მიგრაციის მიმართ მზარდი შეშფოთების, პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რუმინეთში, პოლონეთსა და პორტუგალიაში გამართულ სამივე არჩევნებში პროევროპულმა ძალებმა გაიმარჯვეს.

ევროპის მილიონობით მოქალაქე საარჩევნო ყუთებთან 18 მაისს მივიდა, რათა სამი ევროპული ქვეყნის დემოკრატიული მომავლის განმსაზღვრელ არჩევნებში სასურველი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი.

რუმინეთი

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის ლიბერალმა მერმა, ნიკუშორ დანმა ხმათა 54.19%-ით გაიმარჯვა.

არჩევნებში მონაწილეობა 11 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო. ნიკუშორ დანსა და ნაციონალისტ კანდიდატ ჯორჯ სიმიონს შორის დაძაბული რბოლის გადაწყვეტაში, რომელსაც ბევრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკურ არჩევანად მიიჩნევდა – აქტივობის მაღალმა დონემ კრიტიკული როლი ითამაშა.

4 მაისს გამართულ პირველ რაუნდში სიმიონმა დანზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო და ბევრი ადგილობრივი გამოკითხვა პროგნოზირებდა, რომ ის რუმინეთის ახალი პრეზიდენტი გახდებოდა. თუმცა, ევროკავშირისადმი სიმიონის სკეპტიკური მიდგომის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე, დანმა მასზე თითქმის 900 000-ით მეტი ხმა მოიპოვა და კონკურენტი დამაჯერებლად დაამარცხა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც გაიმართა, სადაც მემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა, რუსული ჩარევის შესახებ სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს თქვენი გამარჯვებაა. ეს არის იმ ათასობით ადამიანის გამარჯვება, რომელიც კამპანიაში იყო ჩართული, რომელთაც სჯეროდათ, რომ შესაძლებელია რუმინეთის სწორი მიმართულებით შეცვლა. არასოდეს დაივიწყოთ ის ძალა, რომელიც ამ კვირების განმავლობაში გამოიჩინეთ, რადგან ეს ძალა ახალი გამოწვევების გადასალახად დაგვჭირდება“, – განაცხადა რუმინეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა.

პოლონეთი

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 13 კანდიდატს შორის ორი ცალსახა ლიდერი გამოიკვეთა – ვარშავის პროევროპული მერი რაფალ ტშასკოვსი ხმათა 31.2%-ით ლიდერობს, მას სულ მცირედით ჩამორჩება ნაციონალისტი კაროლ ნავროცკი, ხმათა 29.7%-ით.

მათ წინ 1-ელ ივნისს ჩანიშნულ მეორე ტურამდე დაძაბული ორი კვირა ელით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, რბოლა მხოლოდ პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლას არ გულისხმობს – შედეგები ასევე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, პროევროპულ დღის წესრიგზეც.

მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობისა, ტშასკოვსკიც და ნავროცკიც პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას და გააგრძელებენ მასთან თავდაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას.

პორტუგალია

პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ „დემოკრატიულმა ალიანსმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ალიანსის ლიდერმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლუიშ მონტენეგრომ განაცხადა, რომ ღიაა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებისთვის.

„ხალხმა თავისი სათქმელი გამოთქვა. მათ გამოიყენეს საკუთარი სუვერენული უფლება და ერთხმად, ხელახლა დაამტკიცეს ნდობა დემოკრატიული ალიანსის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიმართ. ყველამ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და ეროვნული ინტერესების ნებისმიერ სხვა ინტერესზე მაღლა დაყენება. ევროპა გაურკვევლობის პერიოდს გადის, რაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამყარო უზარმაზარი გეოპოლიტიკური, ჰუმანიტარული და სავაჭრო გამოწვევების წინაშეა. პორტუგალია გარე ზეწოლისგან დაზღვეული არ არის. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ევროპის და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაწილი, მაგრამ არ უნდა შევწყვიტოთ იმ საქმის კეთება, რაც მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია“, – განაცხადა პორტუგალიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და „დემოკრატიული ალიანსის” ლიდერმა ლუიშ მონტენეგრომ.

მიუხედავად ცენტრისტული და პროევროპული ძალების გამარჯვებისა, სამივე ქვეყანაში მკვეთრად იზრდება ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური განწყობები.

პორტუგალიაში ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგამ” ხმათა რეკორდული რაოდენობა, 22,5% მოიპოვა.

რუმინეთში, ნაციონალისტი ჯორჯ სიმიონის პარტია კვლავ ქვეყანაში სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალად რჩება და ნიკუშორ დანის არჩევა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა ულტრამემარჯვენე ძალების შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

კვლავ ბუნდოვანია პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბედიც. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე კანდიდატებმა სლავომირ მენცენმა და გჟეგორჟ ბრაუნმა ერთობლივად ხმათა დაახლოებით მეხუთედი მოიპოვეს – მოსალოდნელია, რომ მეორე ტურში მათი მხარდამჭერები კაროლ ნავროცკის მისცემენ ხმას, რათა არ დაუშვან ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე ლიბერალი კანდიდატის არჩევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend