მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადა დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, სულ მალე, 18 მაისს, ქვეყნის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას.

გამოკითხვებში ლიდერობს „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატი, 53 წლის რაფალ ტშასკოვსკი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან მცირე სხვაობით დამარცხდა. ბოლო მონაცემებით, მის კანდიდატურას მოსახლეობის 33% უჭერს მხარს.

იგი 2018 წლიდან მოყოლებული ვარშავის მერის თანამდებობას იკავებს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პოლიტიკური ფიგურაა. ტშასკოვკსი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატად ოფიციალურად მაშინ დასახელდა, როდესაც პრაიმერიზში საგარეო მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ხმების დიდი უმრავლესობით – 75%-ით დაამარცხა.

ტშასკოვსკი დიდი ხანია ლიბერალური ღირებულებების დამცველად მიიჩნევა და როგორც ექსპერტები ამბობენ, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება დონალდ ტუსკის პროევროპული დღის წესრიგის განსახორციელებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„პოლონეთს ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე დიდი სამხედრო ძალაა ევროპაში, თურქეთის შემდეგ. ის უნდა იყოს საუკეთესოდ აღჭურვილი, თანამედროვე არმია. ბატონი ნავროცკი რუსული პროპაგანდის ენაზე საუბრობს. მისი თქმით, მთელი ევროკავშირი პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. ეს უბრალოდ რუსული პროპაგანდაა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულად ძლიერი ევროკავშირი გვჭირდება, რომელიც თავდაცვაზე დიდ თანხას დახარჯავს, ისევე როგორც პოლონეთის სამხედრო აღჭურვილობის ინდუსტრიაზე“, – განაცხადა რაფალ ტშასკოვსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებში.

ტშასკოვკის შემდეგ ყველაზე მეტი ამომრჩეველი, 25%, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ კაროლ ნავროცკის უჭერს. სწორედ მას გამოუცხადა მხარდაჭერა მოქმედი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, კონსერვატიულმა პარტიამაც, „კანონმა და სამართლიანობამ“, რომელიც პოლონეთს 2015-დან 2023 წლამდე მართავდა.

2021 წლიდან იგი „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს” უძღვება, სახელმწიფო კვლევით დაწესებულებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტური წყობის დროს ჩადენილ დანაშაულს იძიებს. ნავროცკი ცალსახად კონსერვატორი ამომრჩევლების მიზიდვას ცდილობს.

„ევროპა უზარმაზარი კრიზისის წინაშე დგას. ამაზე პასუხისმგებელი თქვენი უფროსი, დონალდ ტუსკიცაა, რომელმაც ანგელა მერკელთან ერთად პუტინთან შეთანხმება დადო. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე შეუტია უკრაინას მილიონობით ევროთი გათამამებულმა რუსეთის ფედერაციამ. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი, მე არავის მსახური არ ვიქნები, განსაკუთრებით გერმანიის ბუფერული სახელმწიფოს მსახური. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს კი ერთ მარტივ პრინციპზე დავაფუძნებ – პოლონეთი და პოლონელები უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.

გამოკითხვებში მესამე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტიის „კონფედერაციის“ კანდიდატი სლავომირ მენცენი იკავებს. იგი ახალგაზრდა ამომრჩევლების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს და გამორჩეულად პოპულარულია სოციალური მედიის ქსელებში. ამისდა მიუხედავად, ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსის რეიტინგი პირველი ორი კანდიდატისას ბევრად ჩამოუვარდება და ბოლო მონაცემებით 14%-ს უდრის.

როგორც ექსპერტები ამბობენ, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედი მმართველი კოალიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პოლონეთის პარლამენტი რეფორმების გატარებისას მოქმედი პრეზიდენტის ანჯეი დუდას კონსერვატიული ოპოზიციის წინაშე მრავალ გამოწვევას აწყდება. ამიტომ არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს პარლამენტის უნარზე, მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით – იქნება ეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტის უფლება თუ მიგრაცია და თავდაცვა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სულ მცირე 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, 1-ელ ივნისს მეორე ტური გაიმართება და გამარჯვებული პოლონეთის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ხუთი წლის ვადით დაიკავებს. ახლად არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე მუშაობას 6 აგვისტოს, სეიმისა და სენატის ერთობლივი სესიის დაწყებამდე შეუდგება.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend