„40 დღე პარლამენტთან იშიმშილა ხალხმა, სიკვდილზე წავიდა და ახლა ისევ ძალადობა.. ისევ ძალადობით უნდა მოხდეს სამართალი?“ – ასე მიმართავს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან შეკრებილ მაღაროელებს, რომლებიც მაღაროსთან პოლიციის გამოჩენას აპროტესტებენ.
დილიდან ხმაური იყო სოფელ შუქრუთთან ახლოს მდებარე კოროხნალის მაღაროსთან, რომლის მუშაობასაც ადგილობრივი მოსახლეობა გასული წლის მარტიდან სოფელში საცხოვრებელი სახლების დაზიანების გამო აპროტესტებს. მაღაროში, რომლის ფუნქციონირება წელიწადზე მეტია პროტესტის გამო შეჩერებულია, დღეს კომპანიის წარმომადგენლები საპოლიციო ძალების დახმარებით შევიდნენ. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
ჭიათურაში, წარმოების სრულმასშტაბიანი აღდგენის მიზნით, იწყება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა. აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დახურულ მაღაროებში მუშაობის განახლება.
მივმართავთ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და მოვუწოდებთ, ხელი არ შეუშალონ სპეციალისტებსა და ტექნიკურ ჯგუფს. აუცილებელია მათი შეუფერხებელი დაშვება მაღაროებში, რათა მოხდეს ერთი წლის წინ პარალიზებული სამუშაო ველების სრულყოფილი და პროფესიონალური შესწავლა. მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე იქნება შესაძლებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაღაროების მომავალთან დაკავშირებით – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.
მსგავსი შინაარსის განცხადება ოდნავ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.
„საბოლოოდ კომპანიამ თავისი გაიტანა შსს-ის ძალებით მათ შეძლეს იქ შესვლა და აშკარაა რომ ადგილობრივების წინააღმდეგობა მათთვის დღეს არის ბარიერი, რეორგანიზაცია ნიშნავს იმას, რომ მაღაროელების ნაწილი უნდა გათავისუფლდეს, ნაწილმა გააგრძელოს მუშაობა მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ შუქრუთის მაღარომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ეს მაღაროები ამდენი ხანი გაჩერებული იმიტომ იყო, რომ ხალხი აპროტესტებდა ამ მაღაროების მუშაობას., რადგან ეს იწვევს სოფელ შუქრუთის სახლების დანგრევას”, – ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი სალომე შუბლაძე.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემაზე სიუჟეტი ევრონიუს ჯორჯიამ შარშან შემოდგომაზე მოამზადა. ადგილობრივი მცხოვრები ომარ გაფრინდაშვილი მის საცხოვრებელ სახლთან გაჩენილ ნაპრალს გვაჩვენებს, რომლის ზომაც დღით-დღე იზრდება.
29 აპრილს ღამის 3 საათზე ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. დაკავება წინა დღით შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც მაღაროს ხელმძღვანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად საუბარი იყო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, თუმცა, თუმცა 30 აპრილს გამოძიებამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა – ორ მათგან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ორს კი – მასში მონაწილეობას ედავებიან.
მაღაროელთა დაკავების დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიასთან ამ მოვლენების თვითმხილველმა ისაუბრა.
ჭიათურის ცენტრში საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტია გრძელდება. პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ მაღაროების მმართველ კომპანიას და მოლაპარაკების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
კომპანიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში მაღაროელები ახლო მომავალში რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლებას ელოდებიან.