მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა მიჩიგანში პრეზიდენტობის მე-100 დღე აღნიშნა

დონალდ ტრამპმა მიჩიგანში პრეზიდენტობის მე-100 დღე აღნიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 აპრილს მიჩიგანის შტატში პრეზიდენტობის მეასე დღე აღნიშნა, თუმცა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან უმეტესი დრო საარჩევნო კამპანიასა და წარსულ წყენაზე საუბარს დაუთმო.

დონალდ ტრამპმა გაიმეორა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებები და ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ დავასრულეთ ჯო ბაიდენის კრიმინალური ოჯახი და თავად ბაიდენიც, რადგან ის კორუმპირებულია. ავკრძალე ყველა სამთავრობო ცენზურა და აშშ-ში სიტყვის თავისუფლება აღვადგინე. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, რომელიც არ გვქონდა. დავასრულე ყველა უკანონო, ე.წ. მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა და სხვა სისულელეები საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში. შემოვიღე პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: ქალი და მამაკაცი. ყველაზე მარტივი კი ის იყო, რომ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა ავუკრძალე“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

სიტყვით გამოსვლისას მან შეძახილებით მიმართა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და ილონ მასკს. მათ შესახებ საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი დიდებული ამერიკელები არიან და ქვეყანა ძალიან უყვართ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესახებ ისაუბრეს მისმა მხარდაჭერებმაც. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკასა და შეერთებული შტატების როლს მსოფლიოში უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს.

„მადლობელი ვართ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკის გამო, მაგრამ როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკასა და ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს ის გავლენა, რომელიც ჩვენ გვაქვს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში“, – ამბობს დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ფეი ნემერი.

მხარდამჭერებმა ისაუბრეს პრეზიდენტის პიროვნულ თვისებებზეც. მათი აზრით, დონალდ ტრამპს საჯაროდ მეტი თავმდაბლობა მართებს.

სიტყვის დასასრულს დონალდ ტრამპმა ტრადიციულად აღნიშნა, რომ აშშ-ის ოქროს ხანას შექმნის და ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend