თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვა საწყობებია განლაგებული.
ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ მოვაჭრეები, რომლებიც სასაწყობე ფართებიდან თავიანთი საქონლის გამოტანას ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
„დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 300 სახანძრო, სპეციალური ტექნიკა, რამაც ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, გავრცელების რისკის საფრთხე იყო და დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15 000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის”, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
.
სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
განცხადება გაავრცელეს კლინიკებმაც. როგორც „თოდუას კლინიკის” განცხადებაში წერია, ხანძრის მიუხედავად, არც ერთი პაციენტის ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა და კლინიკაში მოთავსებული პაციენტებისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „ჰელსიკორში” კი თქვეს, რომ მათი პაციენტები გადანაწილებული არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში და ისინი უსაფრთხოდ არიან. განცხადება ასევე გაავრცელა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულმა ცენტრმა. კლინიკის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.