ესპანეთსა და პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივი დროით დაახლოებით პირველის ნახევარზე 50 მილიონზე მეტ მოქალაქეს მოულოდნელად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ამჟამად ესპანეთსა და პორტუგალიაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ელექტრომომარაგების აღდგენა. ჯერჯერობით დაუდგენელია მიზეზი, თუ რატომ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება იბერიის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს, სადაც 50 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
შემთხვევის შედეგად შეფერხდა აეროპორტებისა და რკინიგზის მუშაობა, ასევე შეფერხებით მუშაობდა ტელეკომუნიკაციები, ბანკომატები, შუქნიშნები. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ქვეყნის ენერგომომარაგების 50 პროცენტზე მეტი უკვე აღდგენილია და მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იბერიის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. ნახევარკუნძულზე, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიას მოიცავს, 50 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ესპანეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მადრიდში, ბარსელონასა და სევილიაში. პრობლემები შეიქმნა აეროპორტებსა და რკინიგზაზე. შეფერხებით მუშაობდა ასევე ტელეკომუნიკაციები, შუქნიშნები, ბანკომატები და კიდევ მრავალი სხვა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ, ელექტროქსელის ოპერატორი კომპანიის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში ამჟამად ენერგომომარაგების 50%-ზე მეტი აღდგენილია და თითქმის ყველა ავტონომიურ დასახლებაში სიტუაცია გარკვეული კუთხით გაუმჯობესებულია. პედრო სანჩესის თქმით, მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ოფიციალური პირების, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მტკიცებით, ელექტროენერგია მიზანმიმართულად არავის გაუთიშავს. პორტუგალიის ორ უდიდეს ქალაქში, ლისაბონსა და პორტოშიც მეზობელი ქვეყნის მსგავსი ვითარება იყო.
ქვეყნის პრემიერმა ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ ოფიციალური პირები დაუღალავად მუშაობენ დაზარალებულთა დასახმარებლად და ამ რაიონებთან კავშირის აღსადგენად.
პორტუგალიის ეროვნული ქსელის ოპერატორმა კომპანია REN-მა განაცხადა, რომ ქვეყნის თითქმის ყველა – 89 ელექტროქვესადგური შეკეთებულია და ელექტროენერგიის მიწოდება 2,5 მილიონზე მეტ აბონენტს აღუდგა.