მთავარისაქართველომზია ამაღლობელის პროცესი და პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ჩვენება

მზია ამაღლობელის პროცესი და პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ჩვენება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელმაც მზია ამაღლობელს 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მიიჩნია, რომ თუ მზია ამაღლობელი დღესაც პატიმრობაში არ დარჩება, არსებობს საფრთხე, რომ იგი ახალ დანაშაულს ჩაიდენს.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვამდე სასამართლომ ბრალდების მოწმეს მოუსმინა. სხდომაზე მხარეთა კითხვებს დღეს, 28 აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი განმარტებით, მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გაწნული სილის ხმამ „აქცია საერთოდ დაიშალა“.

სხდომაზე უნდა გამოეკითხათ საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძეც. ის სასამართლოში მივიდა, თუმცა ბათუმის პოლიციის უფროსის გამოკითხვა დღეს მაინც ვერ მოხერხდა. დღესვე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს, საქმეზე მოწმის სახით ირაკლი კობახიძეც გამოიკითხოს. ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მზია ამაღლობელი „დაკვეთას ასრულებდა“ და მისი დავალება „პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო“, აჩვენებს, რომ ის მზია ამაღლობელის საქმეზე „მნიშვნელოვან ინფორმაციას“ უნდა ფლობდეს და შესაბამისად, სასამართლოზეც უნდა დაიკითხოს.

ბრალდების მხარე ადვოკატების ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის სასამართლოში გამოკითხვის თაობაზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

პროცესის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტის პატიმრობა ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება და სასამართლოს დასაბუთება პატიმრობაში დატოვების აუცილებლობაზე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. საქმის პროკურორი კი კვლავ ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება კონკრეტული გარემოებებით საბუთდება.

ჟურნალისტს, რომელიც 11-12 იანვარს ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მზია ამაღლობელის საქმეზე შემდეგი სხდომა 8 მაისს გაიმართება. სასამართლო ამჯერად ირაკლი დგებუაძეს მოუსმენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend