მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი: „გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო“

დონალდ ტრამპი: „გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაკვირვებული და იმედგაცრუებულია ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების გამო. მისი თქმით, მოსკოვისგან ამ გადაწყვეტილებას ორმხრივი დისკუსიების შემდეგ არ ელოდა.

„მან (ზელენსკიმ) მითხრა, რომ მეტი იარაღი სჭირდებოდა, მაგრამ უკვე სამი წელია ამას ამბობს. მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახოთ რა იქნება. მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ დისკუსიების შემდეგ უკრაინა დაბომბეს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

შაბათს, 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შესახებ მან მომდევნო დღეს ნიუ-ჯერსიში მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას მეტი იარაღი სთხოვა. დონალდ ტრამპის აზრით, პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა დათმოს ყირიმი და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

„ყირიმი 12 წლის ამბავია, არც კი ვიცი ახლა როგორ უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

„მოკლედ რომ ითქვას, ყირიმი გააჩუქეს ბარაკ ჰუსეინ ობამამ და ბაიდენმა. ეს მოხდა 11 ან 12 წლის წინ, დიდი ხნის წინ იყო. არ ვიცი, როგორ შემიძლია ყირიმის თემა წინ წამოვწიო, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო. 12 წელია არავის უხსენებია და ახლა საუბრობენ. ამრიგად, მე ვუთხარი: იქნებ წახვიდე და ჰკითხო ობამას, რატომ დათმეს ყირიმი. სხვათა შორის, ტყვიის გასროლის გარეშე დათმეს. შესაბამისად, ნუ მელაპარაკებით ყირიმზე, ამაზე ელაპარაკეთ ობამასა და ბაიდენს. დაიმახსოვრეთ, ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. მე უბრალოდ მოვედი და ვცდილობ პრობლემის გადაჭრას და პრობლემა ისაა, რომ ადამიანები იხოცებიან“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო წინადადებამ, რომელიც მოიცავს ყირიმზე რუსეთის უფლებამოსილების აღიარებას, შოკში ჩააგდო უკრაინელი ოფიციალური პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ დათმობენ ნახევარკუნძულს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend