უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ხარკივზე, რუსეთმა დრონებით საჰაერო იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე შენობა, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
მეხანძრე-მაშველებმა თავდასხმის შედეგად დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს და მათ შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ხარკივის გარდა დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა ოდესა და ზაპოროჟიაც. ზაპოროჟიაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 23 მშვიდობიანი მოქალაქე.

საჰაერო იერიშები წინ უძღოდა შეხვედრას, რომელიც დღეს, 23 აპრილს, ლონდონში უკრაინის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გაიმართება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, სავარაუდოდ, 30 აპრილამდე სურს, რადგან სწორედ 30 აპრილს გადის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე.
ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა ამ სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო დეტალების განხილვას უნდა შეეხოს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრება და მის ნაცვლად სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაფრინდება.