მთავარისაქართველოპარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თამაზ მოლაშვილს მოუსმინა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თამაზ მოლაშვილს მოუსმინა

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა გრძელდება. პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზში მიმდინარე სხდომაზე 16 აპრილს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილეს. ამ საქმეზე კომისიის შემადგენლობამ სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი დაიბარა.

თამაზ მოლაშვილმა ისაუბრა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა.

„სხვათა შორის, ძალიან ბევრი ცოდვა აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით? ბრწყინვალე იურისტია [ლევან] მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა გაამართლა [სულხან მოლაშვილი], მურუსიძეს უთხრეს – აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ… მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება, სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია.

ყოველთვის ვლაპარაკობდი ხოლმე, რომ ჩემს შვილს დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, არამედ ნელი სიკვდილით მომიკლეს. ნელი სიკვდილი ის იყო, რომ ნელ-ნელა რაღაცას უშხაპუნებდნენ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა კომისიის სხდომაზე.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2004 წლის აპრილში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2004 წელს მოლაშვილმა მისი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend