იემენის ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში შეერთებული შტატების ავიაიერიშების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ იემენელი მეხანძრეები თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
რამდენიმე დღის წინ ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მათ იემენის ჰაჯის პროვინციის თავზე, რომელიც საუდის არაბეთს ესაზღვრება, შეერთებული შტატების კუთვნილი დრონი ადგილობრივი წარმოების მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეოთხე დრონია, რომელიც მათმა საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.
იემენის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ავიაიერიშების სერია დაიწყო, 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამჟამინდელ ადმინისტრაციას ჰუსიტებზე იერიში იმიტომ მიაქვს, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის წყლებში გემებს ესხმოდნენ თავს. ამას კი ჰუსიტები ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერად აკეთებდნენ.