თაფლი გამორჩეულად პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ოჯახების დიდი ნაწილი სისტემატურად მოიხმარს, სარგებლიანობის შესახებ კი ბევრი რამ ვიცით, თუმცა თაფლი, შესაძლოა, საზიანოც იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
თუკი 2017-18 წლებში სახელმწიფოს მიერ შემოწმებული თაფლის ნიმუშების ნახევარზე მეტი ანტიბიოტიკებით იყო დაბინძურებული, 2024 წელს მსგავსი დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ფუტკრის ახალი დაავადება – ტროპილელაფსოზი, რომელიც ფუტკრის სხვა პარაზიტებზე უფრო სახიფათოა. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ქვეყანაში მოქმედი 1000-ზე მეტი ვეტერინარიდან მეფუტკრეობის სფეროში საჭირო ცოდნა მხოლოდ რამდენიმეს აქვს.
რა საფრთხეს უქმნის ახალი დაავადება ფუტკარს, როგორ შეიძლება მოხვდეს თაფლში აკრძალული ანტიბიოტიკი და რატომ შემცირდა თაფლის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე – ეს კითხვები ევრონიუს ჯორჯიამ პროფესიონალ მეფუტკრეებს დაუსვა.
„ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ოჯახი არის საუკეთესო მდგომარეობაში, ამ დროისთვის ბაზალეთში. აქ ათი-თერთმეტი ჩარჩოა, ფუტკარი ამჟამად რვა-ცხრა ჩარჩოზე ფარავს ბუდეს, ანუ ეს ფუტკარი აპრილის შუა რიცხვებისთვის იქნება იდეალურ მდგომარეობაში. დღეს კარგი ამინდია, როგორც ხედავთ, საკმაოდ მშვიდია ფუტკარი“, – ამბობს პროფესიონალი მეფუტკრე და „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე.
ბაზალეთში, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, გაზაფხული დედაქალაქზე ოდნავ გვიან დგება, მაგრამ მარტის პირველივე მზიან დღეს, როგორც კი დათბება, აყვავებულ ხეხილს შორის ჩამწკრივებული სკებიდან მომავალი ხმაურიანი ბზუილი მიგვანიშნებს, რომ ფუტკარი ნექტრის შესაგროვებლად ემზადება.
დასავლეთ საქართველოში შარშან გავრცელდა ახალი დაავადება – ტროპილელაფსოზი, რომელსაც ფუტკრის პარაზიტის ტროპილელაფსი იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ტროპილელაფსოზი საქართველოში ადრე გავრცელებულ ვაროატოზზე გაცილებით უფრო სახიფათოა.
„ვაროას ტკიპაზე ორნახევარჯერ პატარაა, მაგრამ რამდენჯერმე უფრო სწრაფად მრავლდება, უფრო დიდ ზიანს აყენებს ფუტკარს. ჯერჯერობით გამოვლენილია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში – გურია, იმერეთი სამეგრელო, მაგრამ მოიწევს აქეთაც. მას ვერ შევაკავებთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ შემოტევას, რომ ფუტკარი შევინარჩუნოთ. ეს არის ძალიან დიდი საშიშროება, რომელშიც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ფუტკრის რაოდენობა შეიძლება კატასტროფულად შემცირდეს, რაც თავისთავად მერე პროდუქტზეც აისახება“, – ამბობს ვარდოსანიძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საქართველოში წლების განმავლობაში საუბრობენ, თაფლში აღმოჩენილი ანტიბიოტიკებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის ბოლოს შემოწმებული თაფლის 100 ნიმუშიდან 5-ში აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები – მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი და ტეტრაციკლინი გამოვლინდა, რაც 7-8 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„თუკი 2017-2018 წლებში, 100 ნიმუშიდან შეუსაბამობა 50 პროცენტში აღინიშნებოდა, 2019 წლიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ვლინდება“, – ნათქვამია სურსათს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საერთოდ 0 პროცენტი უნდა იყოს, თუმცა 5 პროცენტიც რეალურად ძალიან მცირე რაოდენობაა. უბრალოდ ჩვენთვის ბევრია იმ თვალსაზრისით, რომ წინა წლებში ჩვენ გვქონდა მხოლოდ 1-პროცენტიანი დანაგვიანება. 2018-19 წლებში ჩვენ 54-პროცენტიანი დაბინძურება გვქონდა და მეფუტკრეთა გაერთიანების მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად, მივიღეთ ის, რომ რამდენიმე წელიწადში ჩამოვიდა ჯერ 2, შემდეგ 1 პროცენტზე. ახლა რატომღაც მოხდა ისევ 5 პროცენტამდე ასვლა. ვიმეორებ, ეს არ არის საგანგაშო, ცუდია, რომ ზრდადი პროცესია, თუმცა აქ მეორე მხარეც არის – არ შეიძლება ჩვენ ამაზე აჟიოტაჟი ავტეხოთ და მეფუტკრეები ხალხის მტრებად გამოვაცხადოთ. ისედაც თაფლის მოხმარება შემცირებულია, თაფლი უნდა ვჭამოთ, თაფლი არის საუკეთესო პროდუქტი“,- ამბობს ვარდოსანიძე.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული დოკუმენტის (თაფლის უვნებლობის კონტროლი საქართველოში) თანახმად, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მეწარმეთა დიდი ნაწილი სურსათის უვნებლობის საბაზისო მოთხოვნებს კვლავაც არ ან ვერ აკმაყოფილებს, სახელმწიფოს კი სასურსათო ბაზრის ეფექტიანი კონტროლისათვის საკმარისი რესურსი და მოტივაცია არ გააჩნია.
„ჩვენთან ასეთი სტერეოტიპია გავრცელებული, რომ გლეხური პროდუქცია ნიშნავს ორგანულს, სუფთასა და ნატურალურს, სინამდვილეში, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის გამოყენების გარეშე. არის მთელი რიგი ანტიბიოტიკები, რომელთა გამოყენებაც საერთოდ დაუშვებელია სურსათში, სწორედ ასეთი აკრძალული ანტიბიოტიკები იყო აღმოჩენილი თაფლში შარშან. თავისთავად 5 ნიმუში არ არის მაღალი რიცხვი, მაგრამ დაბინძურება აღმოჩნდა საკმაოდ გავრცელებული ბრენდების პროდუქციაში, რომლებიც ფართოდ გავრცელებულია და იყიდება პრესტიჟული მარკეტების ქსელებში“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროგრამის კოორდინატორი.
რა გზით შეიძლება მოხვდეს თაფლში ისეთი მედიკამენტი, როგორიცაა ანტიბიოტიკი? – ამ კითხვით ევრონიუს ჯორჯიამ სპეციალისტებს მიმართა.
„არსებობს ასეთი დაავადება – „ამერიკული სიდამპლე”, რომელიც 1970-80-იან წლებში იკურნებოდა ანტიბიოტიკებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასე დაავადება „იფუთებოდა“ მხოლოდ და არ ხდებოდა მისი დამარცხება, თუმცა მეფუტკრე ამ გზით რაღაც გამოსავალს პოულობდა – რაღაც დროით ინარჩუნებდა ფუტკარს. დღეს „ამერიკული სიდამპლე” საკარანტინო დაავადებად ითვლება, ამიტომ რეკომენდაციაა, რომ მეფუტკრემ უნდა გაანადგუროს არამარტო ფუტკრის ოჯახი, არამედ ფუტკრის სკა, ჩარჩო – ყველაფერი უნდა დაწვას. როგორ წარმოგიდგენიათ, უბრალო მეფუტკრე, რომლის მთლიანი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია ამ ფუტკარზე, რომელსაც არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ან დაზღვეული ჰქონდეს სკები, ან სახელმწიფო დაეხმაროს, რომ ნაწილობრივ მაინც აუნაზღაუროს ზარალი, როგორ მოიქცევა, როცა ეუბნებიან: დაწვი შენი საფუტკრეო (თუ დიდი გავრცელებაა). ამიტომ მას ურჩევნია და ვუბიძგებთ ამ მოთხოვნით, რომ დაავადება დამალოს, მისცეს ფუტკარს ანტიბიოტიკი, შენიღბოს დაავადება და რაღაცნაირად გადაარჩინოს ფუტკარი. მერე მიდის შემგროვებელი, რომელიც წლების განმავლობაში მისგან იღებს თაფლს და ენდობა. ასეთ დროს ერთმა დაბინძურებულმა თაფლმა შეიძლება დააბინძუროს სხვა მეფუტკრეებისგან შეგროვილი თაფლიც, რომლებიც არ ხმარობენ ანტიბიოტიკებს. ასე, საბოლოოდ მივიღეთ ანტიბიოტიკი დახლზე და ატყდა განგაში – არიქა, რა ქნეს მეფუტკრეებმა დასახვრეტია ყველაო… ამიტომ რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ მეფუტკრეც დაცული იყოს, რადგან ამ დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, რომ მან არ დამალოს დაავადება, არ გამოიყენოს ანტიბიოტიკი და ასე არ მოძებნოს გამოსავალი“, – ამბობს ვლადიმერ ვარდოსანიძე.
„მეფუტკრეთა გაერთიანების” დამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე ამჟამად ფუტკრის რძისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მიღება-რეალიზაციით არის დაკავებული. მეფუტკრეები გვიყვებიან 30-მდე იმ პროდუქტის შესახებ, რომლებიც, მათი განმარტებით, თაფლზე უფრო სასარგებლოა.
„პროდუქტებს თუ დავალაგებთ ადამიანისთვის სარგებლიანობის თვალსაზრისით, თაფლი აღმოჩნდა მეათე ადგილზე, როგორც ფასის, ასევე სარგებლიანობის თვალსაზრისითაც, მაგრამ არა პოპულარობის. უწინ ამ პროდუქტების შესახებ ფაქტობრივად არაფერი იცოდნენ“, – ამბობს „საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის” თავმჯდომარე თეიმურაზ ღოღობერიძე.
ფუტკრის რძე, დინდგელი და ყვავილის მტვერი ფუტკრის იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სასარგებლო თვისებებზეც მეფუტკრეები ხშირად საუბრობენ. „საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თეიმურაზ ღოღობერიძის თქმით, ძველი, ტრადიციული ტექნოლოგიით გამოწურულ თაფლში ბუნებრივად უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება ხვდებოდა, ვიდრე დღეს, რაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა.
2015 წელს საქართველოში თაფლის შესახებ დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც აკრძალული ანტიბიოტიკების ნუსხა განისაზღვრა, მანამდე დაავადებებთან საბრძოლველად ამ პრეპარატების გამოყენება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა იყო, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მეფუტკრეთა ნაწილი ანტიბიოტიკებს პერიოდულად კვლავაც იყენებს.
„ორი დარგის წარმომადგენლები არიან ყველაზე კონსერვატიული – ერთი ეს არის ფერმერები, გლეხები, სოფლის მეურნეობა და მეორე – ექიმები. არაფრით ახლის მიღება არ უნდათ. ექიმებს აქვთ გაიდლაინები, როგორ უმკურნალონ, ფერმერებიც წლებით, მეტიც, ათასწლეულებით დაგროვილი გამოცდილებით მოქმედებენ, რაც სამწუხაროდ ბოლო წლებში გაწყდა, ის საუკუნოვანი ცოდნა, რაც გვქონდა, დავკარგეთ“, – ამბობს ღოღობერიძე.
მეფუტკრეობის დარგში არსებულ სერიოზულ პრობლემებს შორის ღოღობერიძე ვეტერინარების სიმცირეს ასახლებს. მისივე განმარტებით, ამ სფეროში ამოქმედებული ახალი რეგულაციების შესახებ თაფლის მწარმოებელთა დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ ინფორმირებული არ ყოფილა.
„გადაწყვიტეს მეწარმეების დაჯარიმება, რომ აი თქვენ არ გაქვთ შესაბამისი საწარმოები, სადაც თაფლს წურავთო. არადა რამდენიმე წლის წინ არის მიღებული ეს კანონი… არ მიიტანეს მეფუტკრეებამდე, რომ გამოიფხიკეთ ყურები, რამდენიმე წლის შემდეგ იძულებულები იქნებით იმ პირობებს აკმაყოფილებდეთ, რაც ევროპაშია, ევროპა, რა უცებ გახდა კათოლიკე?“ – ამბობს ღოღობერიძე.
ქართული თაფლი ევროპაში პირველად 2016 წელს გავიდა. როგორც მეფუტკრეები ჰყვებიან, ძირითადი მოთხოვნა იმ პერიოდში აკაციის თაფლზე იყო, თუმცა, მომდევნო წლებში აკაციის ყვავილობას უამინდობა დაემთხვა, რამაც მოსავლიანობა მკვეთრად შეამცირა. ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ჩინურმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტიც შემცირდა.
„კარგი პერსპექტივა არსებობს, რომ ჩვენი თაფლი გავიდეს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი შემაფერხებელი გარემოება – მცირე მეურნეობები გვაქვს. შეიძლება კარგი მეფუტკრეები 10 და 20 ტონა თაფლსაც იღებენ, მაგრამ ეს არის რამდენიმე სახეობის თაფლი ან მათი ნარევი. ევროპაში კიდევ უნდათ, რომ თაფლი, რომელსაც თქვენ შეიტანთ, ვთქვათ, აკაციის, პირველი პარტია რაც იყო, ზუსტად იგივე იყოს ბოლოც. ჩვენ კი ამ თვალსაზრისით ძალიან მოვიკოჭლებთ“, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში „მეფუტკრეთა ასოციაციის” თავმჯდომარე.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად თაფლის 100 ნიმუშს იკვლევს. თუკი 2017-18 წლებში შემოწმებული 100 ნიმუშიდან ნახევარზე მეტი დაბინძურებული იყო, 2019- 2023 წლებში ეს მაჩვენებელი 11-დან 1-მდე შემცირდა. 2024 წელს მცირე მატება ისევ აღინიშნა – თაფლის 100 გამოკვლეული ნიმუშიდან 5-ში აკრძალული ანტიბიოტიკები გამოავლინეს.
სახელმწიფოს მიერ სურსათის ნიმუშების შემოწმების პროცედურულ ხარვეზებზე საუბრობენ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში”.
„ჩვენც ახლა აღმოვაჩინეთ, ადრე არ ვიცოდით, რომ სააგენტო, როდესაც თაფლის ნიმუშებს ყიდულობს ბაზრიდან, რატომღაც მხოლოდ თვეების შემდეგ მიაქვს ლაბორატორიაში შესამოწმებლად. შესაბამისად, გამოდის, რომ ის მავნე ნიმუშები დაუბრკოლებლად იყიდება ბაზარზე. იმ ნიმუშებზე კი, რომლებშიც ახდენს მავნე ნივთიერებების გამოვლენას, დროულად რეაგირებას ვერ, თუ არ ახდენს. წარმოიდგინეთ, ივნისში, ივლისში ნიმუში რომ აიღო, იქ გამოვლინდა რაღაც დაბინძურება და დეკემბრის ბოლოს აქვს ხელთ ლაბორატორიის ოქმი და გამოავლინა დარღვევა და ავალებს ბიზნესოპერატორს, რომ ამოიღოს ქსელიდან ეს პარტია, ჯერ ერთი ბევრი ნიმუში უკვე გაყიდული და მოხმარებულია და მეორე საკითხია უკვე ინფორმირება საზოგადოების. ამ საკითხს ვაყენებ უკვე ათი წელია, ალბათ, არ აქვს პრაქტიკა სააგენტოს, როცა ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ეს პროდუქცია პარალელურად გამოაქვეყნოს – განცხადება, გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რომ თუ თქვენ გაქვთ შეძენილი, ან სადმე იყიდება კონკრეტულად ეს პარტია… ამას, როგორც წესი, არ აკეთებს“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროგრამის კოორდინატორი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით ქვეყანაში არსებობს 600 ათასზე მეტი გლეხური მეურნეობა, რომელთაგან დაახლოებით 14 ათასი მეფუტკრეობით არის დაკავებული. როგორც კობალაძე განმარტავს, სახელმწიფო კონტროლი მათ უმეტესობას არ ეხება.
„სააგენტოს მიერ განხორციელებული ლაბორატორიული შემოწმებები ეხება ეტიკეტირებულ პროდუქციას და არა გლეხების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც არ არის რეგისტრირებული და ეტიკეტის გარეშე იყიდება. სააგენტოს მონაცემთა ბაზები ძალიან ჩამორჩება რეალურ სურათს – რამდენი მეწარმეა და მწარმოებელი, ფერმერი თუ გლეხი და რამდენი სკა არის, რომლებიც უნდა გააკონტროლოს – კონტროლის მასშტაბები არის ძალიან მცირე, ეს სიტუაცია არ იცვლება წლების განმავლობაში, გრძელდება ასე და მოტივაცია ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ, ფაქტობრივად აქვთ ძალიან ნაკლები, იმიტომ რომ პარალელურად, მათ გვერდით არსებობენ სრულიად გაუკონტროლებელი არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორები, პირობითად გლეხური მეურნეობები, რომლებიც ჩვეულებრივად აწარმოებენ პროდუქციას და ყიდიან. ძალიან ბევრი მეურნეობა წლებია, ფუნქციონირებს ყოველგვარი კონტროლის გარეშე – რა პრეპარატს იყენებს და როგორ აწარმოებს თავის პროდუქციას, სრულიად მასზეა დამოკიდებული“, – ამბობს კობალაძე.
„არარეგისტრირებული საქმიანობა არის კანონდარღვევა და არარეგისტრირებული საქმიანობა პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს. ამ კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას“, – გვეუბნება სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვასილ კვერნაძე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდსა და ფეისბუკის გვერდზე კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თაფლში დარღვევების მაჩვენებლები წლიდან წლამდე დაახლოებით ერთი და იგივე იყო, თუმცა თუ უფრო დიდ საანგარიშო პერიოდს ავიღებთ, ვნახავთ, რომ რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს – შეცვლილია ვითარება. მაშინ როდესაც იყო ძალიან მაღალი პროცენტი დარღვევებისა, დღეს ერთეულ შემთხვევებში გვაქვს შეუსაბამობა მხოლოდ. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით სააგენტომ აქტიურად ითანამშრომლა სექტორში დასაქმებულ პირებსა და ბიზნესოპერატორებთან“, – ამბობს კვერნაძე.
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, სააგენტო სურსათის ნიმუშებს რისკზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმით ამოწმებს, ამიტომ რაოდენობაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.
„ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ამ რისკების გათვალისწინებით სააგენტო არჩევს იმ ბიზნესოპერატორებს წინსწრებით, რომლებთანაც უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო კონტროლი. 20 დღე როდესაც სჭირდება კვლევას, ბუნებრივია, ამა თუ იმ სახეობის სურსათი ბაზარზე არის განთავსებული, თუმცა კვლევის შედეგამდე მე პროდუქციის ამოღებას ბიზნესს ვერ დავავალდებულებ, როდესაც კვლევის შემდეგ მოდის, მისი მოსვლიდან არაუმეტეს ერთ დღეში, მე უკვე პროცედურა დაწყებული მაქვს. იმ დღესვე, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვაორგანიზებთ უკვე, ვგეგმავთ შემოწმების პროცედურას, რომელიც პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ მომხმარებელთან არ მოხვდეს დაბინძურებული პარტია. არის შემთხვევები, როდესაც ამოღება/გამოთხოვის პროცედურის შედეგად კონკრეტული სურსათი ამოიღეს, მაგრამ თუ იმ კონკრეტული პარტიის სურსათი უკვე სრულად არის რეალიზებული, რასაკვირველია, მისი ამოღება-გამოთხოვა ვერ ხორციელდება“, – ამბობს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„აქამდე ხედვა იყო, რომ კი, ზოგადად გვინდა, რომ სურსათის უვნებლობა იყოს უზრუნველყოფილი, ვუახლოვდებით ევროკავშირს და ამ რეგულაციებს ვიღებთ და ვიღებთ, მაგრამ მერე ამას აღსრულება ხომ სჭირდება?
ერთგვარი ჩაკეტილი წრეა ჩამოყალიბებული, მეწარმეთა დიდ ნაწილს არ შეუძლია, ან არ სურს, უვნებლობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ სათანადოდ, გააკონტროლოს სექტორი და საზოგადოების მხრიდანაც არ არის საკმარისი დაკვეთა სახელმწიფოს ან ბიზნესოპერატორების მიმართ, რომ უკეთესად დააკმაყოფილოს უვნებლობის მოთხოვნები – ამ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ… ევროკავშირთან დაახლოების პროცესში დაიწყო სურსათის უვნებლობის კუთხით რეფორმების განხორციელება საქართველოში და ბოლო პერიოდამდე გრძელდებოდა ეს ყველაფერი, ეს იყო სერიოზული სტიმული და მთლიანად რეფორმა ხორციელდებოდა ამ ეგიდით და ამას ახლდა დიდი დახმარება როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა დასავლელი დონორების მხრიდან. ამ სიტუაციაში, როდესაც აღარ არის საქართველოსთვის პრიორიტეტი ევროინტეგრაცია და ასევე დახმარებაც შეწყდა სახელმწიფოს მიმართ, ძალიან რთულად წარმოსადგენია, როგორ შეძლებს ქვეყანა მიღწეული შედეგების შენარჩუნებასაც კი, არათუ შემდგომ განვითარებას“, – ამბობს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.
საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. ეს დოკუმენტი კი, თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების ნაწილია. შესაძლებლობის ეს ახალი ფანჯარა ეკონომიკურ სარგებელთან ერთად კვლავაც თაფლის ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთ შესაძლებლობად რჩება.