მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის „გათავისუფლების დღის“ მოლოდინში

დონალდ ტრამპის „გათავისუფლების დღის“ მოლოდინში

„ტარიფების ომი“ გრძელდება. დონალდ ტრამპის დაპირებულ ე.წ.„გათავისუფლების დღემდე“ რამდენიმე საათი რჩება – ანუ იმ დღემდე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადებს.

დონალდ ტრამპის მიზანია, შეასრულოს მისი ამბიციური ეკონომიკური გეგმა, რაც სხვა სახელმწიფოებზე დამოკიდებულებას, როგორც ის ამბობს, ნულოვან მაჩვენებლამდე დაიყვანს. თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიზანია, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში არსებული „უსამართლო სავაჭრო პოლიტიკა“, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესებთან შეუსაბამოა.

„იცით, მე ამას რამდენიმენაირად ვეძახი, მაგრამ რეალურად ეს, რაღაც მხრივ, არის ქვეყნის ხელახლა აღორძინება. ჩვენ ვეხმარებით ყველას, თუმცა ჩვენ არავინ. ყველაზე მეტად მომწონს ტერმინი – „ამერიკის გათავისუფლება“. ეს, მართლაც, ქვეყნის გათავისუფლების ტოლფასია. რაღაც მიზეზების გამო ჩვენ გვაქვს 36 ტრილიონი დოლარის ვალი და დროთა განმავლობაში ეს ვალი იზრდება. ამიტომ, ვფიქრობ, რასაც ორიოდე დღეში ნახავთ, ბევრისთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის „ტარიფების ომის“ ერთ-ერთი სამიზნე ევროკავშირია, განსაკუთრებით ევროგაერთიანების წევრი გერმანია, რომელიც ამერიკისთვის ავტომობილების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია. ბრიუსელი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბლოკს „ხელთ ბევრი კარტი“ და, იძულების შემთხვევაში, საპასუხო ქმედებების კარგი გეგმაც აქვს. თუმცა, ბრიუსელში დასძენენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავლად მოლაპარაკებების ფორმატს მიიჩნევენ.

„უკანასკნელი თითქმის 75 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ბევრი ევროპელი საკმაოდ იმედგაცრუებულია ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით. ნება მომეცით, განვმარტო, რატომ არ დაიწყო ევროპამ კონფრონტაცია. ამას შეცდომად მივიჩნევთ, მაგრამ დღეს ჩემი გზავნილი თქვენდამი იქნება ის, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება ჩვენი ხალხისა და სიმდიდრის დასაცავად.

ტარიფები – ეს არის დამატებითი გადასახადი, რომელთა გადახდაც ხალხს უწევს. ტარიფები – ეს არის დამატებითი გადასახადი ამერიკელებისთვის, სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად. ტარიფები მხოლოდ ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას – ზუსტად იმის საპირისპირო მოხდება, რისი მიღწევაც გვსურდა. ამერიკული ქარხნები გადაიხდიან უფრო მეტს იმისთვის, რაც იწარმოება ევროპაში. ეს ახალი საბაჟო პროცედურების ერთგვარ „ბიუროკრატიულ მონსტრს“ შექმნის.

ევროპას ბევრი უპირატესობა აქვს: ვაჭრობიდან ტექნოლოგიებამდე და ჩვენი ბაზრის სიდიდემდე, მაგრამ ეს ძალა ასევე დაფუძნებულია ჩვენს მზაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ საპასუხო ზომები. ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა.

ჩვენი მიზანია – შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ხალხსა და კომპანიებს. ვფიქრობ, ეს კონფრონტაცია არც ერთი მხარის ინტერესში არაა. სავაჭრო ნაკადი ევროპასა და აშშ-ს შორის თითქმის დაბალანსებულია. ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო შეთანხმება. ყველასთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი ჩვენ ვიპოვიდით კონსტრუქციულ გამოსავალს. ამავდროულად მკაფიოდ ვაცხადებთ, დაპირისპირება ევროპას არ დაუწყია. თუკი საჭირო იქნება, ჩვენ საპასუხო ძალას გამოვიყენებთ“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

2 აპრილის მოლოდინში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არასტაბილური ვითარებაა. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ მსგავსი ვითარება ფინანსური ინსტიტუტებისთვის რუტინად იქცა ისევ და ისევ ტრამპის ბუნდოვანი სატარიფო პოლიტიკის გამო. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მიდგომით დონალდ ტრამპი არათუ გააუმჯობესებს აშშ-ის ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთი ტარიფი უკვე დააწესა, ან გამოაცხადა მათი დაწესების შესახებ. მათ შორის, მარტიდან 25%-იანი გადასახადი დაწესდა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. ტრამპის სატარიფო პოლიტიკა იქცა დიპლომატიური დაძაბულობის საფუძვლად აშშ-სა და კანადას შორის, ამიტომ პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც არ გამორიცხავენ, იმავე პრობლემის წინაშე აშშ და ევროპის სახელმწიფოებიც აღმოჩნდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend