ევროპასა და აშშ-ში გრძელდება მწვავე დისკუსია გრენლანდიაში ამერიკელი მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ამერიკელ მაღალჩინოსანთა დელეგაცია მოწვევის გარეშე აპირებს გრენლანდიაში ჩასვლას და ძაღლების რბოლაზე დასწრებას. დელეგაციაში იქნებიან შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და მისი მეუღლე უჰა ვენსი.
ამ საკამათო ვიზიტს გრენლანდიისა და დანიის მთავრობები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები კუნძულზე არ დაუპატიჟებიათ. მათივე თქმით, მათ არ სურთ აშშ-ის მაღალჩინოსნის სტუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გრენლანდიაში ახალი მთავრობა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ჟურნალისტის კითხვასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოფიციალური მოწვევის გარეშე შეერთებული შტატების გრენლანდიაში ვიზიტი პროვოკაცია და წნეხი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მეგობრული ნაბიჯია და მათ კუნძულზე ჩასვლას გრენლანდიელი ხალხი სთხოვს.
„ეს არ არის პროვოკაცია. ეს მეგობრული ნაბიჯი უფროა, ვიდრე პროვოკაცია. გრენლანდიაში ბევრთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც სურთ, რამე შეიცვალოს, კარგად იყვნენ დაცული, მათზე სათანადოდ ზრუნავდნენ. ისინი ჩვენ გვიკავშირდებიან.
ჩვენ მათთვის არ დაგვირეკავს. მათ მოგვიწვიეს და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. მე ჩვენი ვიცე-პრეზიდენტის ცოლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის შესანიშნავად მუშაობს. ის ბრწყინვალე ქალია. მასაც უყვარს გრენლანდიის კონცეფცია. ჩვენ იქ დაგვპატიჟეს და ამ ვიზიტის იდეა ძალიან მომწონს, რადგან ისინი გარკვეულწილად მიტოვებულნი არიან. როგორც იცით, მათზე შესაბამისად არ ზრუნავენ. ვფიქრობ, გრენლანდია ჩვენს მომავალს უკავშირდება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
თუ გრენლანდიასთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედავთ, დაინახავთ რუსეთს, ჩინეთს, უამრავ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ადგილიდან. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ვაცხადებ, რომ ეს ასე აღარ გაგრძელდება. ასე რომ, ვენსი და სხვები გრენლანდიაში ჩადიან და ეს წმინდა მეგობრული ნაბიჯია”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, მას სურს, გრენლანდია შტატების ნაწილი გახდეს და ამისთვის ის სამხედრო ძალების გამოყენებასაც განიხილავს.