მთავარიმსოფლიოეგვიპტე„ჰამასი არ უნდა იყოს ჩართული ღაზის მართვაში“ - კაია კალასი

„ჰამასი არ უნდა იყოს ჩართული ღაზის მართვაში“ – კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩავიდა, სადაც ღაზის სექტორის არაბულ-ისლამური კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.

აუდიენციას დაესწრება ეგვიპტის, იორდანიის, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლობა.

პარალელურად, კაია კალასი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ღაზის სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზე.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს არაბულ გეგმას, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის მართვაში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს.

„მივესალმებით „არაბულ გეგმას“, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ბევრი დეტალია, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. ერთი საკითხია ღაზის მომავალი რეკონსტრუქციის ხარჯების განაწილება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღაზის სამომავლო მართვა და უსაფრთხოების ზომები, რადგან ისრაელის უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია“, – ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ისრაელის უსაფრთხოების გამოწვევებიც გასათვალისწინებელია და „ჰამასის“ მმართველობიდან ჩამოშორება ამ კონფლიქტის რეალური დასასრულისკენ წასაყვანად აუცილებელია.

„ჩვენი, ევროკავშირის, პოზიციაა, რომ „ჰამასი“ არ უნდა ჩაერთოს ღაზის მართვაში. და ესაა ის, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ, რადგან არაბული გეგმა ამ საკითხს არ ეხება“, – ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს. კონფლიქტის გადაჭრის გზა კი ამ შეთანხმების მეორე ფაზაზე გადასვლა იქნება.

„პირველი პუნქტი პოლიტიკური ნებაა. მეორე პუნქტი – კეთილსინდისიერება. ამის გარეშე წინ ვერ წავალთ. გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უნდა დავიცვათ. პირველ ფაზაში წარმატებას მივაღწიეთ, გათავისუფლდა 35-ზე მეტი მძევალი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მუშაობას შედეგი მოჰყვა. უნდა გავაგრძელოთ და გადავიდეთ შეთანხმების მეორე ფაზაზე“, – ამბობს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ აბდელატი.

ჰამასი“ გამოთქვამს მზაობას, უარი თქვას ღაზის სექტორის მართვაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend