მთავარისაქართველო„მეგობარი აქტის” მოლოდინში

„მეგობარი აქტის” მოლოდინში

ვიდრე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ამერიკელი კანონმდებლები „მეგობარ აქტს“ განიხილავენ, 22 მარტს, თბილისში კანონპროექტისა და ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მხარდამჭერები მარშს გამართავენ.
მორიგი საპროტესტო მსვლელობისთვის სამოქალაქო ორგანიზაციები ემზადებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში რუსული, ჩინური და ირანული გავლენების ზრდის ფონზე, არამხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის დემოკრატიასაც მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება მიაჩნიათ, რომ „მეგობარი აქტის“ მსგავსი კანონპროექტების კანონებად ქცევა ამ საფრთხეს გაანეიტრალებს.

„[მეგობარი] აქტს ამერიკის კონგრესი განიხილავს და დარწმუნებული ვართ, რომ მიიღებს. ეს აქტი საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას, ასევე, ჩვენს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ეს არის ის სურვილები, რომელიც ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორსა და მხარდამჭერს, აშშ-ს აქვს ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში.

იმედი გვაქვს, ეს მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება. ეს არის ის სურვილი, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს. ჩვენი სურვილები და ამერიკის კონგრესის მიდგომა საქართველოს მიმართ თანხვედრაში არის. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდეს საქართველოს სუვერენიტეტი, დემოკრატიული პროცესები. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს მიზანსწრაფვა არის ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს პროცესები გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, – თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული პროგრამების მენეჯერმა, ზვიად ქორიძემ.

დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები – ეს ის ღირებულებებია, რომლებიც, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მთავარი დამაკავშირებელია.

სენატორების – ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ორპარტიულ კანონპროექტს 18 თანასპონსორი ჰყავს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათ ხელშემწყობებს. იმ პირებს ვინც, ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, ჩართულნი არიან კორუფციასა და საქართველოში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში.

ვაშინგტონიდან ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესების მოწოდებას მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ „მეგობარი აქტით“ ვაშინგტონი თბილისის მიმართ მორიგ „არამეგობრულ“ ნაბიჯს დგამს, რომელსაც „ევროკავშირისა და ევროპარლამენტის რეზოლუციების ფურცლის ფასიც კი არ აქვს“.

ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზეც საუბრობენ, თუმცა, კვლავ ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხების მნიშვნელობაზე მიუთითებენ.

„თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიფ სთეითი“ აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

სენატში წარდგენილი კანონპროექტის სრული დასახელება ასეთია -„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.

ინგლისური აბრევიატურა  ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend