მთავარიაზიაიემენიიემენელმა ჰუსიტებმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ღამით განგაშის სირენების ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით იემენიდან რაკეტები გაუშვეს. ისრაელელმა სამხედროებმა რაკეტების უმეტესობა მის საჰაერო სივრცეში შესვლამდე გაანადგურა.

რამდენიმე რაკეტა იერუსალიმში ჩავარდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ჰუსიტების სამხედრო სპიკერის განცხადებით, მათ იერიში ბენ გურიონის აეროპორტზე მიიტანეს. მათი მიზანი კი პალესტინელი ხალხის დაცვა და დახმარებაა.

„პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და დასაცავად და ღაზის სექტორში კრიმინალური სიონისტი მტრის მიერ ჩვენი ძმების წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ, იემენის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალებმა განახორციელეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ქალაქ იაფაში, ბენ გურიონის აეროპორტზე ზებგერითი ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ალაჰის წყალობით ოპერაციამ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა”, – განაცხადა ჰუთის სამხედრო სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიმ.

ხუთშაბათს, 20 მარტს, მომხდარი საჰაერო იერიში ისრაელის მხრიდან იემენში ჰუსიტებზე თავდასხმას მოჰყვა. ოთხშაბათს იემენის დედაქალაქ სანააში ისრაელელმა და აშშ-ის სამხედროებმა რამდენჯერმე შეუტიეს ჰუსიტების ბანაკებს. ამერიკელმა სამხედროებმა ჰუსიტებზე იერიშები სამშაბათის ღამესაც მიიტანეს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები ზედიზედ მეხუთე დღეა, ალაჰის დახმარებით აგრძელებენ და აქტიურად უპირისპირდებიან ამერიკულ აგრესიას იემენის წინააღმდეგ. გასულ საათებში მათ დედაქალაქ სანასა და რამდენიმე სხვა პროვინციაში სამიზნეში სამოქალაქო ობიექტები ამოიღეს”, – განაცხადა ჰუთის სამხედრო სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღეებში აშშ-ისა და ისრაელის შეტევების შედეგად იემენში 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

აშშ-მა იემენში მყოფ ჰუსიტებზე იერიშების მიტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა ისრაელსა და რეგიონში ამერიკულ სამხედრო ხომალდებს შეუტიეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ამერიკულმა იერიშებმა „უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჰუსიტ ბარბაროსებს”. მან ჰუსიტების გააქტიურება ირანულ დაფინანსებას დაუკავშირა და ირანი გააფრთხილა, ჰუსიტებს შეიარაღებაში არ დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის პასუხს მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend