მთავარიმსოფლიო„ომის დასრულება შესაძლოა შეგვიძლია, შესაძლოა არა” - დონალდ ტრამპი პუტინთან საუბრამდე

„ომის დასრულება შესაძლოა შეგვიძლია, შესაძლოა არა” – დონალდ ტრამპი პუტინთან საუბრამდე

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი თარიღი მოახლოვდა. სამშაბათს, 18 მარტს, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ დაურეკავენ. აქამდე მოსმენილზე აზრებს გაცვლიან და შეეცდებიან, გამოიცნონ, ღირს თუ არა ერთმანეთის ნდობა. საუბრის თემებზე კრემლი დუმილს ინარჩუნებს, თეთრი სახლი კი მიანიშნეს, რომ ამჯერად განხილვა ტერიტორიის დანაწილებას დაეთმობა.

„ვფიქრობ, რუსეთთან დაკავშირებით კარგად მივდივართ. ვნახოთ, გვექნება თუ არა სიახლეები სამშაბათს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. ამ უქმეებზე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, მსურს დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. შესაძლოა შეგვიძლია, შესაძლოა არა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი. ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე, საუბარია ძალიან დიდ მიწასა და სრულიად განსხვავებულ  მოცემულობაზე, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ასევე ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზეც. მოგეხსენებათ ეს დიდი შეკითხვაა, რომელიც ორივე მხარესთან განვიხილეთ. კერძოდ, კონკრეტული აქტივების გაყოფასთან დაკავშირებით”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„დიახ, ნამდვილად ასეა, სამშაბათისთვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისთვის ვემზადებით. ამასთან, ჩვენ არასოდეს გავურბივართ მოვლენებს, ორი პრეზიდენტის საუბრის შინაარსი არ ექვემდებარება განხილვას”, – ამბობს დიმიტრი პესკოვი კრემლიდან.

ტერიტორიები აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. სად უნდა გაივლოს ხაზები? როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი შავი ზღვის პორტებთან უსაფრთხო წვდომა? ვინ გააკონტროლებს ზაპოროჟიესა და ენერგოდარის ატომურ სადგურებს?

უკრაინა აცხადებს, რომ არსებობს სამი მკაფიო წითელი ხაზი, რომლებიც არ გადაიკვეთება: 1. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი; 2. რუსეთის ვეტო ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე; 3. უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შემცირება. ეს კი სწორედ ის მოთხოვნებია, რომლებსაც რუსეთი აყენებს. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპელებს მოსკოვის სამშვიდობო განწყობების არ სჯერათ. დღეს, 17 მარტს, ამაზე ბრიუსელში ბლოკის პირველმა დიპლომატებმა იმსჯელეს.

„ბურთი რუსეთის მხარესაა, თუმცა დიდი კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა მას მშვიდობა. იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც მათ წარმოადგინეს, ჩანს, რომ მშვიდობა არ სურთ. რადგან ისინი წარმოაჩენენ იმ პირველად სურვილებსა და მიზნებს, რომელთა გამოც ეს ომი დაიწყეს”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

ბრიუსელამდე კი იყო ლონდონი, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაცავად უკრაინაში ათასობით ჯარისკაცი უვადოდ გაუშვას. THE TIMES წერს, რომ საუბარია 30 000 სამხედროზე, რომელთაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია ერთობლივი ძალებით შეკრებენ. ე.წ. „მსურველთა კოალიციის” სხვა ქვეყნები კი მათ შეიარაღებითა და ლოჯისტიკით დაეხმარებიან. ამის შესახებ ვირტუალურ საუბრებში მხარეებმა უკვე ისაუბრეს, 20 მარტს კი თავდაცვის მდივნები დიდ ბრიტანეთში გეგმას პირადად შეათანხმებენ.

„ახლა იმის დროა, განვიხილოთ მონიტორინგის მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის მენეჯმენტისა და მონიტორინგის შესახებ. ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს გამყარებული „მსურველთა კოალიციის” ძლიერი უსაფრთხოებითი გარანტიებით.
შევთანხმდით, გავაძლიეროთ პრაქტიკული სამუშაო შესაძლო შეთანხმების მხარდასაჭერად. ჩვენ გადავინაცვლებთ საოპერაციო ფაზაში. ჩვენი სამხედროები შეხვდებიან ერთმანეთს ხუთშაბათს, 20 მარტს, დიდ ბრიტანეთში, რათა შეათანხმონ ძლიერი და საიმედო  გეგმა მშვიდობის მისაღწევად და უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა პუტინს ხანგრძლივი მშვიდობის გეგმა, ახლა ჩვენ ის რეალობად უნდა ვაქციოთ. უკრაინა კი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა ჩავაყენოთ” ,- ამბობს კირ სტარმერი.

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი. ეს ეხება რამდენიმე ათასი ადამიანის განლაგებას თითოეული ქვეყნიდან ძირითად ადგილებში, რათა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები და გამოავლინონ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – პასუხობს ჟურნალისტებს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგობაზე შემთხვევით არ უსაუბრია. კრემლი ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების იდეას მკაცრად ეწინააღმდეგება და გარანტიებს ითხოვს. მას ამ ქვეყნების დროშების უკან ნატოს დროშის დანახვა არ სურს. ჯერ უცნობია, იდეის განხორციელების შემთხვევაში ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს რუსული დანაყოფებისთვის ცეცხლის გახსნის მანდატი. ამაზე მსჯელობა გრძელდება. თავად კიევი კი ხაზს უსვამს, რომ ფრონტი იქნება ეს თუ დიპლომატია, ამჟამად ევროპელები მისი მთავარი საყრდენია.

„ჯიდაში საუბრებისა და ცეცხლის შეწყვეტაზე ამერიკული შეთავაზების შემდეგ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა იმ ომში, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ დიპლომატია და ის იყოს ეფექტიანი. ჩვენი ყოველდღიურობაა ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოსა და  ადამიანების დაცვა“, – აღნიშნა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინს დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა მას მოჰყვებოდა გრძელი „მაგრამ”, რის გამოც პასუხი კონკრეტულად არ ჩათვლილა. ვიდრე მსოფლიო პუტინისა და ტრამპის სატელეფონო ზარს ელის, ფრონტის ხაზზე სამხედრო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend