იემენელი ჰუსიტების თქმით, დაიღუპა 31 მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით კი დაიჭრა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ავიაიერიში მიიტანეს.
თავდასხმების სამიზნე ძირითადად იემენის დედაქალაქი სანა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი საადა იყო.
კვირას მაიკლ უოლცმა, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ მათი მიზანი ჰუსიტების რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია იყო. მისი თქმით, ისინი ჰუსიტების ხელმძღვანელობასაც უტევენ და ირანის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.
ავიაიერიშები მოჰყვა ჰუსიტების განცხადებას. ისინი ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადის გამო გეგმავდნენ თავდასხმებს ისრაელის კუთვნილ გემებზე. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დამანგრეველ ძალას გამოიყენებს, სანამ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება არ შეწყვეტს იერიშს საზღვაო დერეფანზე.
ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ 18 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე დრონები გაუშვეს შეერთებული შტატების იმ სამხედრო ხომალდების მიმართულებით, რომლებიც წითელ ზღვაში იმყოფებიან.
ჰუსიტების სამხედრო სპიკერი იაჰია სარი ამბობს, რომ ეს იყო პასუხი შეერთებული შტატების 47-ზე მეტ ავიაიერიშზე. მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, საზღვაო და სარაკეტო ძალებთან თანამშრომლობით, წითელ ზღვაში 18 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, ასევე დრონებით სპეციფიკური სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ამერიკული ავიამზიდის “ჰარი ტრუმანისა” და მისი თანმხლები ხომალდების წინააღმდეგ.
მისი თქმით, იემენის შეიარაღებული ძალები, იემენის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, მიზანში ამოიღებენ ყველა ამერიკულ ხომალდს წითელ და არაბეთის ზღვებში.
ჰუსიტები რამდენჯერმე დაესხნენ თავს საერთაშორისო გემებს წითელ ზღვაში და ჩაძირეს ორი ხომალდი. როგორც თავად ამბობენ, ამ ნაბიჯით ისინი ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს უცხადებენ სოლიდარობას.