პარიზში 12 მარტს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს თქმით, ეს შეხვედრა მიზნად ისახავს, მომდევნო რამდენიმე კვირის გეგმის შედგენას მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის წარმატებული შეხვედრა შედგა.
მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პატივს სცემს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობისკენ სწრაფვის გამო და თქვა, რომ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მიღწეული კონსენსუსი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
მისივე თქმით, ამ პროცესში ევროპას თავისი წილი პასუხისმგებლობა კარგად აქვს გაცნობიერებული და ამიტომ უკრაინის დასახმარებლად კოალიციის ჩამოყალიბებას შეეცდებიან.
„ვიცით ჩვენი წილი პასუხისმგებლობის შესახებ. ვიცით, რომ უნდა გავზარდოთ ხარჯები უკრაინაზე, თავდაცვაზე, ევროპულ უსაფრთხოებასა და ყველა ფრონტზე. ამას ვაკეთებთ და უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის საკვანძო საკითხები ის იყო, რომ წელს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დიდი ბრიტანეთი 4.5 მილიარდ ფუნტს დახარჯავს, ეს უდიდესი დახმარება იქნება, რაც კი ყოფილა. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ერთობლივად უხელმძღვანელებენ გეგმის შედგენას, რომლითაც მშვიდობისკენ სვლასა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველვყოფთ. ამ სამუშაოს ერთად ვეწევით პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ვცდილობთ შევქმნათ მსურველთა კოალიცია ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ“, – ამბობს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი.
განცხადება გააკეთა იტალიის თავდაცვის მინისტრმაც. მისი თქმით, კმაყოფილია საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებით, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ ევროპას საბოლოოდ გააცნობიერებინა, რომ აშშ-ზე დამოკიდებულების ნაცვლად საკუთარი თავი თავად უნდა დაიცვას.
„ტრამპმა ძალიან უხეშად შეგვახსენა, რომ ჩვენმა ერებმა თავიანთ თავდაცვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ამრიგად, ევროპამ გადაწყვიტა, ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ამაში. ვფიქრობ, რომ უკვე ივნისში ნატოს შეხვედრაზე მივალთ გაზრდილი ინვესტიციებით როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, რადგან ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ერებისა და დემოკრატიის დაცვისთვის მნიშვნელოვანია ევროპამ თავდაცვისუნარიანობა გამოავლინოს“, – ამბობს იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო.
🔴 En direct de la conférence de presse des ministres de la Défense en format E5 ⬇️ https://t.co/SwOks6N8y3
— Ministère des Armées (@Armees_Gouv) March 12, 2025
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა უკრაინაში ჯარების განთავსებაზეც და განაცხადა, რომ ეს მარტივი საკითხი არაა, თუმცა სამხედრო შტაბების მეთაურები უკვე მუშაობენ გეგმაზე.
ლეკორნუ აცხადებს, რომ ამ პროცესის განხორციელებით 15 ქვეყანაა დაინტერესებული.
„ჩვენმა შტაბის ხელმძღვანელებმა დაიწყეს ჰიპოთეზების შემუშავება, რათა მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში შესთავაზონ პოლიტიკურ ლიდერებს გეგმა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ამას დაუბრუნდება, თუმცა ამ ეტაპზე დაახლოებით თხუთმეტი ქვეყანაა დაინტერესებული ამ პროცესით. ეს კომპლექსური საკითხია, როგორც მე არაერთხელ მითქვამს ფრანგულ პრესაში. ეს თემა ზედმეტად კარიკატურული და გამარტივებულია. უკრაინაში ჯარების განთავსების უკან არის სხვა საკითხები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“, – ამბობს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ.
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრები ორ კვირაში მორიგი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. ისინი უფრო სიღრმისეულად განიხილავენ უკრაინის დასახმარებლად კოალიციის შექმნის იდეას.