ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან, გიორგი საგანელიძისგან, რწმუნებათა სიგელი მიიღო. ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებზე საუბრისას ალექსანდ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მინსკი მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ქართულმა მხარემ ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, როგორც ეს „ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება“. მისივე განცხადებით, „საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს“.
„ძალიან ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შეესატყვისება ჩვენს მიდგომებს. თქვენ, საქართველოში უნდა აკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც ეს შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. ბელარუსი და ქართველი ხალხის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები და ისტორიის საერთო გვერდები იძლევა საფუძველს, ჩვენი ქვეყნების სრული, ყოველმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად. კარგად იცით, თქვენთვის ჩვენი კარი ყოველთვის იყო და რჩება ღია“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
ბელარუსის პრეზიდენტთან საუბრისას დიპლომატმა გიორგი საგანელიძემ განაცხადა, რომ ურთიერთობების ადრინდელ დონეზე დაბრუნება შესაძლებელია და მთავარ წინაპირობად „რეგიონში მშვიდობა“ დაასახელა.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა 2022 წლის სექტემბერში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკას ვიზიტის შემდეგ გაუარესდა. მაშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტთან“, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, ალექსანდრ ლუკაშენკას ეს ნაბიჯი დაგმო და თქვა, რომ ბელარუსის ლიდერმა „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დაარღვია.
მმართველი პარტიის ოპონენტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო ხისტი ნაბიჯი უნდა გადაედგა და მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა.