მთავარისაქართველოაქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის, სასამართლო პროცესი 25 მარტამდე გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მხარეთა რეპლიკებით განახლდება.

10 მარტის სასამართლო პროცესი ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ წარმოადგინეს შუამდგომლობები მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობების დაუშვებლობაზე.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ ადვოკატებმა გააკეთეს. მათი შეფასებით, პროკურატურის მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით იყო მოპოვებული. უფლებადამცველების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ჩვენებები განსხვავებული იყო და არც ერთ მათგანში არ იყო ნახსენები იმ 11 პირის ვინაობა, რომელსაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. იურისტების თქმით, გამოკითხული პოლიციელები ჩვენებებში სხვადასხვა თარიღს ასახელებდნენ, ამიტომ მათი ოქმები საქმის მასალებად არ უნდა იყოს დაშვებული. ამ შუამდგომლობაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს 10 მარტის პროცესზე გადაწყვეტილება არ მიუღია. თავის მხრივ, ბრალდების მხარემაც დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე.

10 მარტის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დახურულ ფორმატში გაიმართა. მოსამართლემ არც დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და არც ბრალდებულთა თხოვნა სასამართლო დარბაზში მათი ოჯახის წევრების დაშვების თაობაზე. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მტკიცებით, 5 მარტის სხდომაზე ბრალდებულთა მხარდამჭერები „დარბაზში ხმაურობდნენ“, რაც „არაერთი გაფრთხილების შემდეგ“ მოგვიანებით მათი გაძევების მიზეზი გახდა. მისივე თქმით, საჯაროობის პრინციპის დასაცავად საკმარისი იყო სასამართლო სხდომაზე მედიის დასწრებაც. შეზღუდვის მიუხედავად, ბრალდებულთა ოჯახების წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

„დღეს რასაც ვუყურებთ, ჩემთვის არაფრით განსხვავდება დეკემბრის მოვლენებისგან – ჩვენ ვხედავდით ტკივილს, დარბევას. ჩემთვის ესეც დარბევაა – უფრო რთული, მტკივნეული და სახიფათო”, – თქვა რეჟისორმა დათა თავაძემ.

„ჯერ არავინ გაუმართლებიათ… სამართალი ჯერ არ გვინახავს”, – თქვა მსახიობმა ნინო კასრაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტსა და სასამართლო პროცესებზე.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი 5 მარტსაც გაიმართა. მაშინ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ საქმე მან პროცესის წინა დღეს, 4 მარტს, ნინო თარაშვილის ნაცვლად ჩაიბარა. იურისტის შეფასებით, შეუძლებელია საქმეში არსებული 13 ტომის რამდენიმე საათში შესწავლა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მტკიცებით კი, ის საქმის მასალებს „მთელი ღამე ეცნობოდა, რაც სამართლებრივად საქმის აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა“.

ბრალდებულთა უფლებადამცველები პროკურორ ვაჟა თოდუას აცილებასაც მოითხოვდნენ, რადგან მას ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ 3 მარტს დაწესებული სანქციები შეეხო. მოსამართლემ ადვოკატთა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend