მთავარიაზიასირიასირიის დროებითი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დასჯის ყველას, ვინც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა

სირიის დროებითი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დასჯის ყველას, ვინც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა

სირიის გაქცეული დიქტატორის, ბაშალ ალ ასადის, ერთგულ მხარდაჭერებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივ შეტაკებებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 1,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაპირისპირება სირიის დასავლეთ სანაპიროს საპორტო ქალაქ ლატაკიასთან მომხდარი თავდასხმით დაიწყო, სადაც ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები, ალავიტები ცხოვრობენ.

მასშტაბური ნგრევა მოჰყვა სირიის რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში ასადის ლოიალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ კონტრშეტევასაც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 745 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ისევე როგორც, სამთავრობო უსაფრთხოების ძალების 125 წარმომადგენელი და ასადთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების 148 მებრძოლი. ლატაკიის მიმდებარე ტერიტორიებში შეწყდა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

„თავდაცვის სამინისტროს ძალებმა აღადგინეს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, სადაც უსაფრთხოების ძალებს მოღალატეობრივად თავს დაესხნენ. კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერ საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი პირის მიზანში ამოღება, გარდა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრების მიერ კონკრეტული ოპერატიული ამოცანების ფარგლებში. სამინისტრო იწყებს ტერიტორიიდან ყველა იმ პირის ევაკუაციას, ვინც ოპერაციებში არ მონაწილეობს. მითითებების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ ქმედებას ლმობიერების გარეშე. ღალატს მძიმე შედეგები მოჰყვება. მკაცრად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც უარს განაცხადებს სახელმწიფოსთვის იარაღის ჩაბარებაზე. ისინი, ვინც ფსონს ქაოსზე დებენ, ვერ აცნობიერებენ, რომ ტირანიის ეპოქა დასრულდა. სამუდამოდ დასამარდა რეჟიმი და სირიელი ხალხის ნებით დასრულდა ჩაგვრა. მათ, ვისაც ეს ჯერ კიდევ არ ესმის, ყველაფერს ადგილზე ავუხსნით“, – განაცხადა სირიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჰასან აბდელ განიმ.

სირიაში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე ძალადობრივმა შეტაკებამ ბევრს ქვეყნის 13-წლიანი სამოქალაქო ომი მოაგონა.

ათობით სირიელი აქტივისტი კვირას, 9 მარტს, დამასკოს ცენტრში შეიკრიბა. მათ სამოქალაქო უსაფრთხოების პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმეს.

სირიელი აქტივისტების საპროტესტო აქცია, დამასკო, სირია, 9 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo/Omar Sanadiki

„ყველა მოძალადემ პასუხი უნდა აგოს. თავდაპირველად რევოლუცია იმიტომ დაიწყო, რომ უსაფრთხოების ძალებმა ბავშვზე იძალადეს და ამის გამო პასუხი არ აგეს. იგივე შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ“, – ამბობს აქტივისტი იმად ალ ჰასანი.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა. ვიხილეთ სროლა და თავდასხმა. ამას იმ ფაქტს მივაწერ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობის გამო ქვეყანაში კვლავ ვნებათაღელვაა. როდესაც აქ ვინმე დგება და ამბობს, არ გაპატიებთ ჩემი შვილის სისხლის დაღვრას – ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჯერ კიდევ არ უნახავთ რაიმე სამართლებრივი ქმედება მოძალადეების წინააღმდეგ. გარკვეულწილად მესმის მათი. თუმცა, უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ სამართალი აღდგება და ყველა, ვინც სირიელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, პასუხს აგებს“, – განმარტავს აქტივისტი მეი მაკარემი.

ქვეყანაში არეულობა გრძელდება სირიის დროებითი პრეზიდენტის დაპირებების მიუხედავად, შექმნას ახალი მშვიდობიანი პოლიტიკური მომავალი, რომელშიც ქვეყნის ყველა საზოგადოება და თემი იქნება ინტეგრირებული.

ძალადობრივი დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩაბმის მცდელობები დაგმო და დადო პირობა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

სიტყვით გამოსვლისას დააანონსა მან ორი სპეციალური კომიტეტის შექმნაც, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს თემებში „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის“ გამოძიებასა და „სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებაზე“ იმუშავებენ.

„დღეს, ამ კრიტიკული მომენტის დროს, წინა რეჟიმის გადმონაშთის სახით ახალი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. მათ უკან უცხო ძალები დგანან და ისინი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩაბმას ცდილობენ. მათი მიზანია, დაგვყონ და გაგვანადგურონ. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ამ ადამიანებს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ: დაუყოვნებლივ ჩაგვბარდნენ. სირია დარჩება ურყევი და ჩვენ არცერთ გარე ძალას თუ ადგილობრივ ფრაქციას არ მივცემთ უფლებას, ქვეყანა ქაოსში ან სამოქალაქო ომში ჩაითრიოს. ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული და ვისწრაფვით ჩვენი დიადი ხალხის ღირსეული მომავლისკენ“, – აცხადებს აჰმედ ალ-შარაა.

ამჟამად, ცოტა რამ არის ცნობილი ალავიტების აჯანყებისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების შესახებ, რომლებიც ასადის სამხედრო და დაზვერვის სამსახურის ქსელის წარმომადგენლებისგან შედგება.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში სირიელი უფლებადამცველები შიშობენ, რომ დაპირისპირებამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების ყველა ძალისხმევა ჩაშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend